ზელენსკი: დღეს უკრაინას 700 ათასი მებრძოლი იცავს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის უკრაინას 700 ათასი მებრძოლი იცავს. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა უკრაინული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"დღეს ეს რიცხვი 700 ათასი, თქვენ ხედავთ 700 ათასი მებრძოლი ადამიანის შრომის და თავდადების შედეგს. 700 ათასი, ომის ამ მონაკვეთში",- ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მებრძოლებისა და ტექნიკის არსებული რაოდენობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ფრონტებზეა გაშლილი. 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინის ზომის ქვეყნებს გაცილებით უფრო დიდი არმია სჭირდება, სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ გასული წლის ბოლოს უკრაინის არმიის ზომა 100 ათასით გაიზარდა, თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ ესეც არ იქნებოდა საკმარისი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის შესაჩერებლად. 

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის და დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით გასაგები იყო, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა გარდაუვალი იყო. 

მისი თქმით, უკრაინა შეძლებისდაგვარად კარგად მოემზადა ომისთვის, თუმცა ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემების არ არსებობის პირობებში ქვეყანამ მძიმე დანაკარგები განიცადა, განსაკუთრებით ომის პირველ დღეებში. 

მსგავსი სიახლეები