ზელენსკი: დონეცკის რეგიონში რუსეთის სარდლობის სიგიჟე ყველაზე თვალსაჩინოა
დონეცკის რეგიონში რუსი ოკუპანტები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ოქტომბრის შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"სიტუაცია ფრონტის ხაზზე არსებითად არ შეცვლილა. ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის რეგიონშია: ბახმუტის მიმართულება, ავდიივკა. რუსული სარდლობის სიგიჟე ახლა ყველაზე თვალსაჩინო იქ არის: დღითი დღე, თვეების განმავლობაში მიჰყავთ ხალხი სიკვდილამდე, მათ კონცენტრირებული აქვთ არტილერიის მაქსიმალური სიმძლავრე", - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ ტერიტორიებს იცავენ, "უბრალოდ გმირები" არიან.
"აქტიური ოპერაციები გრძელდება სხვა მიმართულებებით, დღეს მინდა მივესალმო 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მებრძოლებს ლუგანსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის. ზოგადად, ფრონტზე ჩვენ ყველგან ვამაგრებთ პოზიციებს, ვამცირებთ ოკუპანტების შესაძლებლობებს, ვანადგურებთ მათ ლოჯისტიკას და ვამზადებთ სასიხარულო ამბებს უკრაინისთვის", - განმარტა პრეზიდენტმა.