ზელენსკი დუდას უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას ესაუბრა. მათ უკრაინის სამხედრო დახმარება და ნატოში უკრაინის მომავალი გაწევრიანება განიხილეს.
"მე ახლახან ველაპარაკე პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ერთსაათიანი საუბარი უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოებაზე იყო: ამჟამინდელი ვითარება ბრძოლის ველზე, იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჭურვები. მადლობა გადავუხადე წინა თავდაცვის შეთანხმებების შესრულებისთვის." - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები ყველა საუბარში მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის გრძელვადიან გარანტიებს - და არა მხოლოდ უკრაინისთვის.
ზელენსკის თქმით, პოლონეთი "საკმაოდ რეალისტურად აღიქვამს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საჭიროებას." პრეზიდენტმა ასეთ საჭიროებას ობიექტური უწოდა და აღნიშნა, რომ დუდასთან ერთად ავითარებს კონკრეტულ შინაარსს ვილნიუსში ალიანსის სამიტისთვის.
"ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც რუსეთის ვარაუდები, თითქოს ნატოში ვიღაცას ჯერ კიდევ ეშინია რუსეთის, უნდა დაიმსხვრეს. ასეთი ვარაუდები აძლიერებს რუსეთის აგრესიულ ამბიციებს. ჩვენ შეგვიძლია მათი განეიტრალება. მადლობა პოლონეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ნატოს რეალური გაძლიერებისთვის." - შეაჯამა ზელენსკიმ.