ზელენსკი გაეროში: მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია
რუსეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
"მე-20 საუკუნემ მთელ მსოფლიოს ასწავლა, რომ თავი უნდა შეიკავოს ბირთვული იარაღის გამოყენებისგან, არ განათავსოს ის და არ დაიმუქროს მისი გამოყენებით," - თქვა ზელენსკიმ გამოსვლის დასაწყისში.
ის სასურსათო უსაფრთხოების თემასაც შეეხო. "უკრაინის პორტები დაბლოკილია რუსეთის მიერ, დნეპერი რჩება დრონების სამიზნედ," - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი სასურსათო კრიზისს, როგორც იარაღს იყენებს, რათა სხვები აიძულოს აღიარონ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები რუსეთის ნაწილად.
"იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანი მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების შესანარჩუნებლად," - მიმართა აუდიტორიას უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს: "მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელორუსი და ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება."
ამავდროულად, ზელენსკიმ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა გააკრიტიკა, რომლებიც "მარცვლეულისგან თრილერს ქმნიან."
"შეიძლება ჩანდეს, რომ ისინი საკუთარ როლს ასრულებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ეხმარებიან "მოსკოველ მსახიობს" სცენის მომზადებაში," - თქვა ზელენსკიმ, სახელმწიფოების დასახელების გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი ენერგორესურსების იარაღად გამოყენების გამო. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მოსკოვი სხვა ქვეყნების ელექტროსადგურების ტერიტორიებს ბინძურ ბომბებად აქცევს.
"ნახეთ, რა გაუკეთა რუსეთმა ჩვენს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მან დაბომბა, დაიკავა და ახლა სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით," - თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ "რადიაციული შანტაჟისტებისთვის" რუსეთს პასუხი ჯერ უგია.