ზელენსკი: იტალია რომში უკრაინის აღდგენის კონფერენციას მოაწყობს
რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინას იტალიისგან თავდაცვითი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
ამის შესახებ 21 თებერვალს კიევში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რომმა "მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტაში."
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა იტალიას რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის აღდგენაზე ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნისთვის.
"დღეს, მოლაპარაკებებზე ჩვენ ცალკე ვისაუბრეთ უკრაინის სახელმწიფოს აღდგენაში იტალიის მონაწილეობის საკითხზე და ამ კონტექსტში მივესალმებით იტალიური მხარის განზრახვას, რომში კონფერენცია ჩაატაროს უკრაინის აღდგენის შესახებ, იტალიური საწარმოებისა და ბიზნესების მონაწილეობით, რაც შეიძლება გახდეს ევროპაში ჩვენი სახელმწიფოსა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ელემენტი", - განაცხადა ზელენსკიმ.