ზელენსკი კანადის პარლამენტს: შეგიძლიათ მეტ კომპანიას აიძულოთ დატოვონ რუსული ბაზარი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა კანადას განაგრძოს ზეწოლა საერთაშორისო კომპანიებზე და აიძულოს ისინი დატოვონ რუსული ბაზარი. ამის შესახებ მან 15 მარტს კანადის პარლამენტში საუბრისას განაცხადა.
"თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი კომპანია აიძულოთ დატოვოს რუსული ბაზარი ისე, რომ ომისთვის არც ერთი დოლარი არ დარჩეს. თუ ეს კომპანიები რჩებიან რუსეთში და აფინანსებენ ომს, მათ არ აქვთ უფლება იმუშაონ კანადაში. ასეც იყოს - და ეს მოგვცემს მშვიდობას", - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, "რუსეთის ინტერვენცია არის უკრაინელი ხალხის განადგურების მცდელობა".
"ეს არის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. რათა განადგურდეს ყველაფერი, რაც უკრაინელებს უკრაინელებად აქცევს - ჩვენი მომავლის წინააღმდეგ, ჩვენი ხასიათის წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ყველაფერი, რაც თქვენ კანადელებმა იცით და კარგად გრძნობთ. ამიტომ, გთხოვთ: არ გაჩერდეთ, ნუ შეწყვეტთ უკრაინის დახმარებას, ლიდერობასა და ჩვენს მიწაზე მშვიდობის დაბრუნების მცდელობას", - თქვა მან.
ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს უკრაინის თავზე ცის დახურვაში დახმარება სთხოვა. "თქვენ გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავიცვათ ჩვენი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან. თქვენ შეგიძლიათ ამაზე გავლენა მოახდინოთ. მე ასე ვფიქრობ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.