ზელენსკი კლეშჩეევკას გათავისუფლებაზე: ყოჩაღ!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დონეცკის ოლქის კლეშჩეევკას განთავისუფლებაში, ასევე ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას და იბრძვის ფრონტის ხაზზე.

"დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იცავს ჩვენი სახელმწიფოს ცას. ჩვენს პილოტებს და საჰაერო ძალების ინჟინრებს, მობილური სახანძრო ჯგუფების ჯარისკაცებს, ყველა ჩვენს საზენიტო მსროლელს. გმადლობთ, რომ მუდმივად ზრდით ჩამოგდებული რუსული რაკეტების და თვითმფრინავების რაოდენობას, რაც ნიშნავს, რომ შემცირდა დაშავებული ხალხის და დაზიანებული ინფრასტრუქტურის რაოდენობა. გმადლობთ, მეომრებო!

და ყველას, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა. თითოეულ ბრიგადას. კუპიანსკიდან ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპირომდე, ბახმუტის მიმართულებიდან ყველა უკრაინულ პოზიციამდე ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. მადლობას ვუხდი ბიჭებს ძლიერებისთვის!

დღეს კი განსაკუთრებულად აღვნიშნავ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ეტაპობრივად უბრუნებენ უკრაინას ბახმუტის რაიონში ტერიტორიებს. სადესანტო-მიერიშე ძალების 80-ე ბრიგადა, მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა, დიდებული 95-ე და ეროვნული პოლიციის გაერთიანებული მოიერიშე ბრიგადა "ლიუტ". კლეშჩეევკა! ყოჩაღ!" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კვირას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს.

წინა დღეებში ამ მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა ანდრიივკის აღება შეძლეს. თუ კლეშეევკის გათავისუფლების შემდეგ უკრაინული დანაყოფები გააგრძელებენ აღმოსავლეთით შეტევას და შეძლებენ მომარაგების ხაზზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას, რუსეთის არმია იძულებული იქნება ბახმუტი დატოვოს. 

მსგავსი სიახლეები