ზელენსკი ნატოს სამიტზე არ წავა, თუ მის ლიდერებს "გამბედაობის ნაკლებობა" ექნებათ - მრჩეველი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატოს სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა, თუ უკრაინა დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს.
ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ განაცხადა.
კითხვაზე, რა მინიმალური პირობებია ზელენსკის ნატოს სამიტზე დასწრებისთვის, ჟოვკვამ პარლამენტში მის გამოსვლაზე ისაუბრა, სადაც უკრაინის ლიდერმა თანამედროვე მსოფლიოში გამბედაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"პრეზიდენტი არ წავა სამიტზე, თუ ლიდერები გამოიჩენენ ან გამოავლენენ სიმამაცის ნაკლებობას, მაშინ როცა უკრაინა მთელი სიმამაცით, ნებისყოფით და ძალით და მაღალი ზნეობით ებრძვის რუსეთის აგრესიას," - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვილნიუსის სამიტზე წასვლას "აზრი არ აქვს, თუ იქ შედეგი არ იქნება."
ზელენსკის მრჩევლის თქმით, უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ალიანსში მოწვევის მიღებასთან, ვიდრე "ექვსი თვის წინ."