ზელენსკი ნატოსა და G7-ის სამიტებზე მიიწვიეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ისა და ნატოს სამიტებზე მიიწვიეს. ამის შესახებ მან 15 ივნისს Twitter-ზე განაცხადა.
"მადლიერებით მივიღე პარტნიორების მოწვევა მთავარ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისგან G7-ის სამიტზე, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისგან კი მადრიდში ნატოს სამიტზე", - წერს ის.
G7-ის სამიტი 26-28 ივნისს გერმანიაში ბავარიაში გაიმართება.
ნატოს ლიდერების შეხვედრა მადრიდში 29-30 ივნისს ჩატარდება. სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ზელენსკი მიწვეულია სამიტზე პირადად დასასწრებად და მისი პირადი ყოფნა "რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება", თუ ეს შესაძლებელია.
"თუ არა, ის შეძლებს თავისი მიმართვის გაკეთებას ტელეკონფერენციის ფორმატში", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.