ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და გაეროში "მშვიდობის ფორმულას" წარადგენს - Bloomberg

Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა სექტემბერში ნიუ-იორკში ჩავიდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე დასასწრებად.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, ზელენსკიმ შესაძლოა პირადად წარმოადგინოს "მშვიდობის ფორმულა" - ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც შექმნილია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად.

კიევი ამტკიცებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობის დროს შეიძლება ჩატარდეს სამიტი "მშვიდობის ფორმულაზე." მაგრამ Bloomberg დასძენს, რომ უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე ამის წინააღმდეგია ლოგისტიკური მიზეზების გამო.

კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, არის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა შეიძლება რუსეთმაც მიიღოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, Bloomberg-ის თანამოსაუბრეები არ ელიან მის გაეროს მაღალი დონის კვირეულზე დასწრებას და აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ პუტინის საზღვარგარეთ მოგზაურობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

მაღალი დონის კვირეული არის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის კულმინაცია, რომელიც ყოველი წლის სექტემბერში იხსნება. მას ესწრებიან გაეროს წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლები - პრეზიდენტები, მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები. გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტი კვირეულში დისტანციურად მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები