ზელენსკი: პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ კრაკუსში მომხდარი სხვას დააბრალონ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი "და სხვა ნაძირლები" ცდილობენ "სხვას დააბრალონ" მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი.
"რაც გუშინ მოხდა მოსკოვში, ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ სხვისთვის გადაბრალებას. მათ ყოველთვის იგივე მეთოდები აქვთ. ეს უკვე მოხდა. სახლების აფეთქება, მკვლელობა და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ.
ისინი მოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები - და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს - და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი ჩამოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ რა ხდება მათ ქვეყანაში.
გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ეზრუნა, მათთვის მიემართა, ერთი დღე გაჩუმდა - ფიქრობდა, როგორ დაებრალებინა ეს უკრაინისთვის. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია.
ის ასიათასობით რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე იხოცებიან, ნამდვილად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად მოკვდნენ "კროკუსებში" და არ დაუსვან კითხვები თავიანთ დაზვერვის სამსახურებს, მაშინ პუტინი შეეცდება ერთზე მეტი ასეთი ვითარების შექმნას მისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ." - აღნიშნა ზელენსკიმ.
პარასკევს საღამოს, მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში, "კროკუსის" საკონცერტო დარბაზში კონცერტის დროს ტერორისტებმა სროლა დაწიყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 133 და დაშავდა 140 ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერაქტი არის პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო ამ ტერაქტთან. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ნიშანს, რომ უკრაინა იყო ჩართული თავდასხმაში.
ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილებისთვის მომზადებული იყო "ფანჯარა" უკრაინის საზღვრის გადასაკვეთად.