ზელენსკი: როგორც ჩანს ნატო არ არის მზად ალიანსში უკრაინის მისაწვევად

ვილნიუსში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტმა საკითხთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ზელენსკიმ მიმართვაში ალიანსის წევრების პოზიციის მერყეობა გააკრიტიკა. 

ზელენსკის თქმით, უკრაინა იქნება წარმოდგენელი ვილნიუსის სამიტზე, რადგანაც ეს პატივისცემაა, მაგრამ მისი თქმით პატივისცემას იმსახურებს უკრაინაც.

"ვილნიუსის გზაზე ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ განიხილება ფორმულირებები უკრაინის გარეშე. მინდა ხაზი გავუსვა საუბარია ფორმულირებაზე, რომელიც არა ალიანსში გაწევრიანებას, არამედ მხოლოდ მიწვევას ეხება",- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა უპრეცედენტო და აბსურდული უწოდა ვითარებას, როდესაც არ არის განსაზღვრული დრო უკრაინის ალიანსში მისაწვევად და გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. ზელენსკის თქმით, კიდევ უფრო გაუგებარია, როდესაც საუბარია მიწვევის წინაპირობებზე. 

"როგორც ჩანს არ არის მზაობა არც უკრაინის მისაწვევად ალიანსში და არც მის გასაწევრიანებლად",- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამგვარ მოცემულებაში რუსეთს კვლავ რჩება შესაძლებლობა ომი და ტერორი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს. 

კონტექსტი 

ვილნიუსში ჩრდილო-ატალნტიკური ალიანსის გენერალური სამიტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემაც ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაა. გუშინ, 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ნატოში შვედეთის გაწევრიანებას. 

უფრო მეტი ვილნიუსის სამიტის მოლოდინების შესახებ წაიკითხეთ აქ. 

 

მსგავსი სიახლეები