ნატო უკრაინას წევრობის მოკლე გზას შესთავაზებს - ვილნიუსის სამიტის მოლოდინები
ლიეტუვის დედალაქში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იკრიბებიან. მოახლოებული სამიტი შესაძლოა გახდეს საბედისწერო კიევისთვის და ძალიან უსიამოვნო მოსკოვისთვის. მთავარი განსახილველი საკითხი ნატოში უკრაინის გაწევრიანებაა.
უახლოეს საათებში ვილნიუსში ე.წ. დიდი ოთხეულის ლიდერებს, ჯო ბაიდენს, რიში სუნაკს, ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს ელოდებიან.
ჯერჯერობით დადასტურებით ცნობილი არ არის მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამიტში ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი პრეზიდენტი გასულ კვირებში ღიად ამბობდა, რომ სამიტს ფიზიკურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურ მიწვევას მიიღებდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამგვარი გარანტიები ოფიციალურად ჯერ ვერ მიიღო, თუმცა ბოლო ცნობებით, უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსის სამიტს მაინც დაესწრება.
"ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს MAP-ის გაუქმებაზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე," - განაცხადა ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულება მიესალმა ალიანსის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო დროა ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე სასაუბროდ.
წინა დღეებში საკითხს გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც - აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ნატოს ზოგიერთი წევრი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინის გაწევრიანებას ომის დასრულებამდე. მიუხედავად ამისა ბაიდენის თქმით, კვლავ არსებობას შესაძლებლობა უკრაინის ალიანსში ახლა მიწვევის.
რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება - ღია წყაროებზე დაყრდნობით ამ დროის განმავლობაში აშშ-მ ნატოსა და ევროკავშირთან ერთად უკრაინას 165 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
გასულ უქმეებზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტისგან რუსეთი უფრო მკაფიო სიგნალს მიიღებს.
გასული კვირების განმავლობაში დასავლურ მედიაში სამიტის შესაძლო შედეგების რამდენიმე ძირითადი სცენარი განიხილებოდა: უკრაინის გაწევრიანებით, ე.წ. ისრაელის მოდელით პარტნიორობის და მრავალწლიანი სამხედრო დახმარების ჩათვლით.
წარმოგიდგენთ 5 ძირითად საკითხს, რომელიც ვილნიუსის სამიტზე იქნება განხილული
სტრატეგიული გამძლეობა
ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ნატოს სტრატეგიული გამძლეობა იქნება - რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ალიანსი და ზოგადად დასავლეთი არ გადაიღლება უკრაინის დახმარებით და რომ კიევის დახმარების შეწყვეტის იმედი კრემლში ფუჭად აქვთ.
"ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას ვუწევთ, გადაცემული შეიარაღების ჩამონათვალი და ტიპი სულ უფრო იზრდება. მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ეს გაგრძელდება",- ამბობს BBC-სთან საუბარში ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.
წყაროს ცნობით, ნატოში მშვიდად აღიქვამენ უკრაინის კონტრიერიშის შედარებით დაბალ ტემპს და მზად არიან უკრაინის დახმარება კიდევ დიდხანს გააგრძელონ.
სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი
ომის გაჭიანურების ფონზე შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული სახელმწიფოების მიერ შეიარაღების წარმოების ტემპებისა და მასშტაბების ზრდა იქნება. წარმოების ტემპების ზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის უზრუნველსაყოფად, ასევე ალიანსის თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობის გასაზრდელად.
გარდა ამისა აუცილებელია უკრაინის დახმარების ტემპებისა და მასშტაბების კოორდინირება მოკავშირეებს შორის.
ამ დროისთვის ნატოს წევრები უკრაინაში შეიარაღებას ინდივიდუალური გრაფიკით აწვდიან. შედეგად დროის მოკლე მონაკვეთში უკრაინა იღებს სხვადასხვა ტიპისა და სტანდარტის შეიარაღებას, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ეფექტურ გამოყენებას და კოორდინირებას მსხვილი სამხედრო შენაერთის დონეზე.
უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის
მოსალონდელია, რომ სწორედ ეს იქნება ნატო-უკრაინის ურთიერთობების მთავარი გარდამავალი ფორმატი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებამდე. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ჩამოაყალიბებენ ე.წ. კეთილი ნების კოალიციას, რომელიც დაუყოვნებლივ მისცემს კიევს უსაფრთხოების გარანტიებს.
ამ პროგრამის დიზაინს ხშირად ადარებენ ე.წ. ისრაელის მოდელს, რომლის მიხედვითაც მხარეები იღებენ უკრაინის შეიარაღების, ფინანსური და ეკონომიკური დახმარების მრავალწლიან ვალდებულებას. ეს გულისხმობს დახმარების თითქმის სრულ სპექტრს ჯარების გაგზავნის ვალდებულების გარეშე.
ნატო-უკრაინის საბჭო
ამ ახლადშექმნილი საბჭოს სხდომის მოწვევა სამიტის მეორე დღეს იგეგმება - აღნიშნული საბჭოს ფარგლებში უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის რესურსებზე უფრო ფართო წვდომას მიიღებს.
პროტოკოლური თვალსაზრისით ამ საბჭოს სხდომა საკმაოდ უხერხულ ვითარებას შექმნის თუ კი პრეზიდენტი ზელენსკი საბოლოოდ სამიტზე მაინც არ ჩავა.
გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა