ტრამპი: უკრაინას მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია უკრაინას მეტ შეიარაღებას გადაცემს - ამასთანავე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, სრაელის პრემიერ-მინისტრის მიღების დროს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს განაცხადა - მისი თქმით, ძირითადად საუბარია თავდაცვით შეიარაღებაზე. 

  • ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "დიახ, უკრაინას მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ჩვენ ამის გაკეთება მოგვიწევს, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. მათ ძალიან მძიმედ უტევენ, ძალიან მძიმედ. საუბარია ძირითადად თავდაცვით შეიარაღებაზე, მაგრამ მათ ძალიან მძიმედ უტევენ." 

  • ამავე პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ორჯერ გაიმეორა, რომ "იმედგაცრუებულია" ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით, რადგანაც ამ უკანასკნელს "არ სურს ომის დასრულება."

  • ამერიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. 

Big Picture: ჯერჯერობით უცნობია რა შეიარაღებას გულისხმობდა ტრამპი: ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ პაკეტებს, რომელთა მიწოდებაც გასულ კვირას პენტაგონის გადაწყვეტილებით შეჩერდა, თუ შეიარაღების ახალ პაკეტს, რომელთა შეძენის მზაობასაც კიევი უკვე რამდენიმე თვეა გამოთქვამს. 

  • პენტაგონის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაპაუზების ოფიციალურ მიზეზად ამერიკის შემცირებული არსენალები დასახელდა - გადაწყვეტილებას კონგრესსა და სენატში უკრაინის მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. 

  • ამერიკული პრესა წერდა, რომ გადაწყვეტილება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა და მისმა მოადგილემ, ელბრიდჯ კოლბიმ სახელმწიფო დეპარტამენტთან და კონგრესთან კონსულტაციის გარეშე ერთპიროვნულად მიიღეს. 

  • თავად ტრამპი უარყოფდა პაუზას, თუმცა ამბობდა, რომ მის გუნდს სურდა დარწმუნებულიყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკას შეიარაღების საკმარისი მარაგი ექნებოდა. 

Сontext: შეიარაღების მიწოდების კუთხით წარმოქმნილი პრობლემების ფონზე სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. წყაროების ცნობით, საუბარი დადებითად წარიმართა და განიხილებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. 

  • უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს ამერიკელ პრეზიდენტთან გამართული "საუკეთესო საუბარი" იყო. 

  • ზელენსკისთან გამართულ ზარს წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დასრულების შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ "პუტინთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია და იმედგაცრუებულია."

Go Deeper: უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში

მსგავსი სიახლეები