ზელენსკი: რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს ის საკუთარ თავზე

კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული იერიშის ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს მის მიერ წამოწყებული ომის შედეგები. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას განაცხადა. 

"დღეს მთავარსარდალ სირსკისგან 3 ანგარიში მივიღე - შედეგიანი ანგარიშები, როგორიც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. მადლიერი ვარ თითოეული ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს. უკრაინელებს შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა, ჩვენ არ აგვირჩევია ამოაცანების მიღწევა ომში, ეს რუსეთმა მოიტანა ომი ჩვენს მიწაზე და მათ უნდა იგრძნონ თავიანთი მოქმედების შედეგები. ჩვენ კი ვესწრაფვით რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს სამართლიანი მშვიდობის პირობებში და ასეც იქნება"- განაცხადა ზელენსკიმ. 

კონტექსტი

ეს არის უკრაინელი პრეზიდენტის პირველი საჯარო განცხადება 6 აგვისტოს კურსკის მიმართულებით უკრაინის არმიის იერიშის შესახებ. 

ზელენსკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ჯარების მთავარსარდალ სირსკის ფოტო - "ვმუშაობ გამსვლელ რაიონში"- ნათქვამია ფოტოს აღწერაში. 

უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს უკრაინის არმიის უმსხვილესი იერიში რუსეთის ტერიტორიაზე. ამ დროის მონაცემებით უკრაინულმა დანაყოფებმა მტრის ზურგი 25-30 კილომეტრით გაარღვიეს. უკრაინელთა კონტროლქვეშაა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, ჯამურად საუბარია დაახლოებით 430 კვადრატულ კილომეტრზე. ვრცელდება ინფორმაცია ტყვედ აყვანილი ათეულობით რუსი სამხედროს შესახებ. 

ჯერჯერობით უკრაინის გენერალური შტაბი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საინფორმაციო დუმილის რეჟიმს ინარჩუნებს, უცნობია თუ რა არის იერიშის მიზანი. 

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები კარგად დაგეგმილ და აღსრულებულ ოპერაციაზე საუბრობენ, თუმცა მიუთითებენ იმაზე, რომ უკრაინისთვის ფრონტზე შექმნილი რთული მდგომარეობის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის წამოწყება ბევრი თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს ატარებს. 

 

მსგავსი სიახლეები