ზელენსკი: შორ დისტანციაზე მოქმედი უკრაინული იარაღი სამიზნეს 700 კმ-ის მანძილზე მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ შორ დისტანციაზე მოქმედი უკრაინული იარაღი მიზანს 700 კმ მანძილზე მოხვდა.

"მოვისმინე მთავარსარდლის [ვალერი ზალუჟნის] მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენი წინსვლა არ ჩერდება. თავდაცვის სამინისტრო - იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. მათ შორის, Medevac-ის ჯავშანტექნიკის დიდი პარტიის მიღებაზე - ის, რაც ახლა ძალიან საჭიროა. სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ ისაუბრა საკუთარ წარმოებაზე. ჩვენი შორი მოქმედების იარაღის წარმატებით გამოყენება: სამიზნე 700 კმ-ის დაშორებით დაზიანდა!" - დაწერა მან.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს შემდგომ ნაბიჯებს "მარცვლეულის დერეფნის" ფარგლებში, მთავრობა და პრეზიდენტის აპარატი კი ზამთრისთვის მზადებაზე მუშაობენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოხსენება წარმოადგინა მტრის დაბომბვის შედეგების აღმოფხვრაზე, უსაფრთხოების ვითარებაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. და, რა თქმა უნდა, დაზვერვის ანგარიშები ჩვენი მტრების სამხედრო და პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ვაგრძელებთ მუშაობას." - აღნიშნა მან.

კონტექსტი

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, 700 კმ მანძილზე რომელ სამიზნეს მოხვდა უკრაინული იარაღი და არც ის, რა იარაღზეა საუბარი. თუმცა, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ამ მანძილზე მდებარეობს რუსეთის ქალაქი პსკოვი, სადაც 30 აგვისტოს სამხედრო აეროდრომი დაიბომბა.

რუსული მედია და ტელეგრამის არხები წერდნენ 30 აგვისტოს, ღამეს, ფსკოვის აეროდრომზე დრონის თავდასხმის შედეგად ექვსი თვითმფრინავი Il-76 დაზიანდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის შედეგად ოთხი Il-76 თვითმფრინავი განადგურდა.

მსგავსი სიახლეები