ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე: შოლცს ბირთვული მუქარის ეშინია, მაგრამ ეს ვერ გადაარჩენს მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე უარს ბირთვული მუქარის გამო ამბობს, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ეს არ დაიცავს მსოფლიოს რუსეთის ბირთვული საფრთხისგან.
ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას იარაღი სჭირდება გადარჩენისთვის და მას "უბრალოდ არ ესმის, რატომ არ ვიღებთ ამ იარაღს."
უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობს გერმანულ Taurus-ის რაკეტებს, ასევე ამერიკულ ATACMS-ის რაკეტებს და F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს.
"ვფიქრობ, კითხვა არც ისე მარტივია. რამდენადაც მე მესმის, კანცლერი ამბობს, რომ გერმანია არ არის ბირთვული ძალა და ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი გერმანიაში და შოლცი ვერ დატოვებს თავის ქვეყანას ამ იარაღის გარეშე." - აღნიშნა მან.
კითხვაზე, არის თუ არა კავშირი ბირთვულ მუქარასა და გერმანიის მიერ Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმას შორის, მან უპასუხა: "მაგრამ არ მგონია, რომ ეს დაიცავს მსოფლიოს რუსეთის ბირთვული საფრთხისგან."
მისი თქმით, უკრაინელების დიდი იმედი ახლა ამერიკული დახმარების პაკეტია, რომელსაც კონგრესში რესპუბლიკელები თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის სერიოზულ თავდასხმას ხარკოვზე, როგორც ოკუპანტები ომის დასაწყისში ცდილობდნენ.