ზელენსკი: უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 16-მა გემმა დატოვა
უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას შედეგი მოაქვს, რამაც შეამცირა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის სიმძიმე. ამის შესახებ 13 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"უკრაინა მარცვლეულით დატვირთულმა 16-მა გემმა დატოვა და სამი კონტინენტის შვიდი ქვეყნისკენ გაემართა. ესენია ევროპა, აზია, აფრიკა. გემზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტია: სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, სოიო და სხვა საქონელი, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია მსოფლიო ბაზრისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვაო პორტებიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვამ "ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებელ ქვეყნებს მშვიდობის გარკვეული იმედი მისცა".
"და მომავალში, მას შეუძლია დაეხმაროს სასურსათო კრიზისის სრულად ამოღებას გლობალური დღის წესრიგიდან. რა თქმა უნდა, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ ინიციატივის უსაფრთხოების ნაწილის განხორციელებას და თავიდან აიცილებენ რუსეთის პროვოკაციებს და ტერორს ზღვაზე ან ჩვენი პორტების წინააღმდეგ." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ პივდენის პორტში გასასვლელად ემზადება გემი, რომელმაც მარცვლეული გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში უნდა წაიღოს ეთიოპიაში, სადაც მოსახლეობა შიმშილობს.