ზელენსკიმ ბელორუსში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ბელორუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან იგორ კიზიმას გათავისუფლების შესახებ.
"განთავისუფლდეს იგორ იურის ძე კიზიმა ბელორუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან," - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, არა მარტო რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე მრავალი მოწოდების მიუხედავად, კიევმა ეს ნაბიჯი არ გადადგა
კიევმა რამდენჯერმე დაიბარა ბელორუსში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის, მაგრამ მალე ის მინსკში ბრუნდებოდა.
ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი იგორ კიზიმა კონსულტაციებისთვის აპრილში, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკასა და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის, დენის პუშილინის შეხვედრის გამო დაიბარა. ამის შემდეგ უკრაინის ელჩი მინსკში აღარ დაბრუნებულა.