ზელენსკიმ მაკრონთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციაზე ისაუბრა
21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუქზე ავრცელებს.
"[ემანუელ მაკრონს] მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველსა და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული ვითარების შესახებ. ვისაუბრეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე. განივხილეთ თანამშრომლობა უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, სისტემის დაცვა საჰაერო თავდასხმებისგან", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
წინა საუბარი პოლიტიკოსებს შორის 1 ნოემბერს შედგა. მაკრონმა ზელენსკის დაუდასტურა საფრანგეთის მზადყოფნა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. მათ ასევე განიხილეს სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
ზელენსკიმ მაკრონთან ამ საუბარს "უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული" უწოდა.
20 ნოემბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეა (სავარაუდოდ, 8 ერთეული), ასევე ორი სარაკეტო სისტემა LRU (M270-ის ფრანგული ანალოგი) გადასცა.