ზელენსკიმ სუნაკს უთხრა, რომ რუსეთმა ავდიივკაზე შეტევისას სულ მცირე ბრიგადა დაკარგა
რუსეთის ფედერაციამ სულ მცირე ბრიგადა დაკარგა ავდიივკას ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობისას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან საუბრისას განაცხადა.
27 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერის სიტყვებისთვის, რომელიც 23 ოქტომბერს ბრიტანეთის პარლამენტში გააჟღერა.
უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებულ სამეფოს ასევე მადლობა გადაუხადა დროული და ყოვლისმომცველი დახმარებისთვის, განსაკუთრებით ბოლო, 100 მილიონი ფუნტის ღირებულების თავდაცვითი დახმარებისთვის.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება.
"რუსეთი გააგრძელებს მთელი დონბასის ოკუპაციის მცდელობას. ოკუპანტებმა რამდენჯერმე სცადეს ავდიივკას ალყაში მოქცევა, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენი ჯარისკაცები მათ აჩერებდნენ და უკან ახევინებდნენ, რაც მას მტკივნეულ დანაკარგებს აყენებდა. ამ მცდელობებში მტერმა მინიმუმ ერთი ბრიგადა დაკარგა." - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განიხილეს თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა, კერძოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება.
ზელენსკიმ სუნაკს ასევე ინფორმაცია მიაწოდა შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო გემებს.
ზელენსკის თქმით, მარცვლეულის დერეფანი ყველა საფრთხის მიუხედავად გააგრძელებს ფუნქციონირებას.
ლიდერებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის ესკალაციის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშა.