ზელენსკიმ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანატოლი ბარგიელევიჩის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, გნატოვი ნიკოლაევის დაცვას ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ნოემბერში ხერსონის ოლქის განთავისუფლების ოპერაციის ერთ-ერთი მეთაური იყო, ხოლო 2023 წლის გაზაფხულზე გნატოვი ბახმუტის დაცვას ხელმძღვანელობდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი გნატოვის დანიშვნა დიდი საბრძოლო გამოცდილებით ახსნა: "ყველაფერი, რაც ომმა ასწავლა ჩვენს ბრიგადებს, ასი პროცენტით უნდა განხორციელდეს დაგეგმვის დონეზე."

"დღეს, ჩემი რეკომენდაციით, უკრაინის პრეზიდენტმა გენერალ-მაიორი ანდრეი ვიქტორის ძე გნატოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა. მას აქვს 27 წელზე მეტი სამხედრო გამოცდილება, მეთაურობდა საზღვაო ქვეითთა ბრიგადას, "აღმოსავლეთის" ოპერატიული სარდლობის ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს.

ასევე, მისი ბრძანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დანიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ვლადისლავის ძე ბარგიელევიჩი. მისი ამოცანაა სამხედრო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება." - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ანდრეი გნატოვს აჯილდოებს

უმეროვმა მადლობა გადაუხადა ბარგიელევიჩს გენერალური შტაბის უფროსად გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ ის "გუნდში დარჩება."

27 თებერვალს, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით, გნატოვი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ანტალოლი ბარგიელევიჩის მოადგილედ დანიშნა.

მსგავსი სიახლეები