ზელენსკიმ უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურს ვიცე-ადმირალის წოდება მიანიჭა
16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების მეთაურ ალექსეი ნეიჟპაპას ვიცე-ადმირალის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ განკარგულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"მიენიჭოს ვიცე-ადმირალის სამხედრო წოდება კონტრადმირალ ნეიჟპაპა ალექსეი ლეონიდის ძეს", - ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულებას ხელი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ მოსკოვის ჩაძირვიდან რამდენიმე დღეში მოეწერა. კრეისერი უკრაინის საზღვაო ძალების 2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით, "ნეპტუნით" ჩაძირეს, რომელიც უკრაინული წარმოებისაა.
ნეიჟპაპა უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურად 2020 წლის 11 ივნისს დაინიშნა.