ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მისი ოფისის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებას.
ტიმოშენკო საკუთარი განაცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა თავის მხრივ ამის საფუძველი ტიმოშენკოს საქმიანობით მზარდი უკმაყოფილება გახდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ანდრეი ერმაკის ახალი მოადგილე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება იქნება.
ამავდროულად მოსალოდნელია, რომ ტიმოშენკოს გარდა თანამდებობებს დატოვებენ რამდენიმე ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, მათ შორის სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპორიჟიის და ხესრონის.
კონტექსტი
გასულ თვეებში კირილ ტიმოშენკო რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდში გაეხვა - მათ შორის BIHUS-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ტიმოშენკო General Motors-ის მიერ უკრაინის არმიის გადაცემული ავტომობოლით სარგებლობდა. Chevrolet Tahoe-ს ტიპის ყველგანმავალი უკრაინის არმიას ცხელი წერტილებიდან დაშავებულთა ევაკუაციისთვის გადასცეს.
ტიმოშენკო ავტომობილით სარგებლობას არ უარყოფდა, მაგრამ მიუთითებდა, რომ ამ ავტომობილით ის დეოკუპირებულ წერტილებში, სამსახურებრივი მიზნებით დადიოდა, ხოლო ავტომობილი სახელმწიფოს ბალანსზე იყო.
მოგვიანებით ტიმოშენკომ უარი თქვა ავტომობილით სარგებლობაზე და მოითხოვა ის ფრონტისპირა რაიონებში გაეგზავნათ. კირილ ტიმოშენკოს ხშირად აკრიტიკებდნენ რეგიონული პოლიტიკის გამო - ბევრის აზრით კირილ ტიმოშენკო რეგიონებში საქმეზე მეტად საკუთარი თავის პიარით იყო დაკავებული.