ზელენსკის თქმით, ომის დროს კორუფცია სამშობლოს ღალატს გაუთანაბრდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ომის დროს კორუფციას სახელმწიფო ღალატთან გააიგივებს.
ამის შესახებ მან ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა.
"გავეცი დავალება და უკრაინის უმაღლეს რადას ომის დროს კორუფციის სახელმწიფო ღალატთან გაიგივებას შევთავაზებ. მესმის, რომ ასეთი კანონი საზოგადოებაში მუდმივად ვერ იმოქმედებს, მაგრამ ომის დროს, ვფიქრობ, ეს გამოგვადგება.
დაუჭერს თუ არა რადა ამას მხარს, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შევთავაზებთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვავითარებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხრახნები არ მოვუშვათ და ყოველ ჯერზე არ ვუყუროთ ამა თუ იმ მწვავე შემთხვევას. სისტემური რაღაცეები უნდა შემოვიტანოთ." - თქვა ზელენსკიმ.
ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას ისაუბრა. მოსეიჩუკმა მას ჰკითხა, შეიძლება თუ არა ომის დასრულებამდე კორუფცია სამშობლოს ღალატს გაუთანაბრდეს.
მან უპასუხა: "ჩვენ ყველას გვინდა, რომ ომი უფრო სწრაფად დასრულდეს. მაგრამ ეს არის ზუსტად იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტი. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ამას მომდევნო კვირაში მიიღებს."
ზელენსკის თქმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, "ისეთი, რომ მათ არც კი იფიქრონ ამაზე."
"ეს არ არის სიკვდილით დასჯა, ეს არ არის სტალინიზმი. თუ არსებობს მტკიცებულება, ადამიანი უნდა იყოს გისოსებს მიღმა," - განმარტა მან.
ამასთან, კორუფციასთან ბრძოლის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "დიდი დრო არ აქვს დეტალებზე ზრუნვისთვის, რადგან ეს მართლაც წვრილმანია."
მისი თქმით, ის კორუფციას ყველა დონეზე, ყველა ქალაქში ვერ შეებრძოლება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში უკრაინა "იბრძოდა გადარჩენისთვის, რათა ჩვენ გვქონოდა უკრაინა."
კითხვაზე, მზად არის თუ არა თავისი გუნდით დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა, პრეზიდენტმა უპასუხა: "მე არ მყავს ჩემები და არა ჩემები, არსებობს პატიოსანი თუ არაკეთილსინდისიერი ადამიანი. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანი არაკეთილსინდისიერია, ასეთ ადამიანებს ვათავისუფლებ. არ ვთვლი, რომ ამაზე ჩემთან კითხვები არსებობს. შინაგანი პრობლემები არ მაქვს. სხვა რამეებზე ვარ ორიენტირებული. ამიტომ მშვიდად ვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემური გადაწყვეტის პოვნა. მაშინ ჩემთვის უფრო მარტივია გარკვეული პოლიტიკის განხორციელება. ეს მე თვითონ გადავწყვიტე."