ზელენსკის უკრაინელების 80% ენდობა, ხოლო შეიარაღებულ ძალებს - 95% - კვლევა
2023 წლის მაისის მდგომარეობით, უკრაინელების 95% ენდობა შეიარაღებულ ძალებს და 80% - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა.
"უკრაინელების 95% ენდობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და 80% ენდობა პრეზიდენტ ზელენსკის. და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინის მიერ მეტი იარაღისა და აღჭურვილობის მოთხოვნაზე, უკრაინელებს არ სურთ მხოლოდ ძლიერი არმია - მათ სურთ ძლიერი და ინკლუზიური დემოკრატია. 2023 წლის მაისში უკრაინელების 94%-მა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გახდეს სრულად მოქმედი დემოკრატია." - განაცხადა ინსტიტუტმა.
სოციოლოგების თქმით, ამ კითხვას რამდენიმე წელია სვამენ, მაგრამ ასეთი შედეგი არასდროს უნახავთ: "შედარებისთვის, 2021 წლის დეკემბერში უკრაინელების მხოლოდ 76%-მა თქვა, რომ უკრაინისთვის "მნიშვნელოვანი" ან "ძალიან მნიშვნელოვანი" იყო სრულად მოქმედი დემოკრატია."
გარდა ამისა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა უმაღლეს დონეზეა.
უკრაინელების 92% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრინებას, ხოლო 89% - ნატოში.
ომისა და სისასტიკეების ერთ წელის შემდეგ, უკრაინელებს არ სჯერათ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად შეასრულებს მოლაპარაკების პირობებს.
2022 წლის მაისში გამოკითხულთა 59% ღია იყო რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 2023 წლის მაისისთვის მოლაპარაკებების მომხრეების რაოდენობა 33%-მდე შემცირდა, მოლაპარაკების მოწინააღმდეგეების რაოდენობა კი 63%-მდე გაიზარდა.
უკრაინელები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანას შეუძლია კორუფციის აღმოფხვრა. უკრაინელები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ენდობიან ხელისუფლებას, კერძოდ ეროვნულ ანტი-კორუფციულ ბიუროს.