ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
10 იანვარს ჟენევა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს მასპინძლობს, რომლებიც უკრაინის საზღვართან რუსეთის მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის ფონზე იმართება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი „სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის“ ფარგლებში ხვდებიან, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების არხს წარმოადგენს.
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს ოთხშაბათს ბრიუსელში ნატო-რუსეთის შეხვედრა და ეუთოს ფარგლებში სამიტი მოჰყვება.
დეკემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მოსკოვი დასავლეთისგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების - მათ შორის უკრაინის და საქართველოს - საკუთარი გავლენის ზონებად დაკანონებას მოითხოვს.
„აშშ მხარს უჭერს საერთაშორისო პრინციპს, რომ სუვერენულმა ერებმა ალიანსები საკუთარი ნებით შეარჩიონ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა შეხვედრის დაწყებამდე.
თუმცა, „აშშ მიესალმება დიპლომატიის საშუალებით [რუსეთთან ურთიერთობაში] წინსვლას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„რუსული მხარე [წინასწარ გაცხადებული] პოზიციიდან გადახვევას არ აპირებს“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.