ЗСУ-ს დარტყმის შედეგად მოკლულია 3 რუსი პოლკოვნიკი, ერთ-ერთი აფხაზეთში იბრძოდა

რუსეთის არმიის დაჯგუფება დნეპრის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 3 რუსი პოლკოვნიკი, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში იბრძოდა. 

საუბარია ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, არაბატსკაია სტრელკასთან ЗСУ-ს მიერ პირველ ნოემბერს განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე. სამეთაურო პუნქტად გადაკეთებულ პანსიონზე სარაკეტო დარტყმა იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც შენობაში რუსეთის არმიის მაღალჩინოსნების თათბირი მიმდინარეობდა. 

ბოლო დღეებში უკრაინული წყაროები ЗСУ-ს წარმატებული შეტევის შესახებ აქტიურად წერენ - ერთ-ერთი ვერსიით შეტევის მომენტში შტაბში იმყოფებოდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი და დაჯგუფება დნეპრის ახლადდანიშნული მეთაური, მიხაილ ტეპლინსკი. ვრცელდებოდა ცნობები ტეპლინსკის გარდაცვალებისა და დაჭრის შესახებ, თუმცა აღნიშნული ცნობებს დამოუკიდებელი წყაროები ამ დრომდე არ ადასტურებენ.

ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ ЗСУ-ს დარტყმის შედეგად მოკლულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 3 მაღალჩინოსანი. ესენი არიან: მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვადიმ დობრიაკოვი, კიდევ ერთი მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრ გალკინი და საცეცხლე დაგეგმარების განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ალექსანდრ კობლოვი. 

ამ უკანასკნელის გარდაცვალების დადასტურება რეალპოლიტიკამ ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლო. კობლოვის გარდაცვალების შესახებ ორლოვის ოლქის ქალაქ ლივნის ადგილობრივი ონლაინ გაზეთი იუწყება

გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ნათქვამია, რომ კობლოვი არმიაში 1980-იანი წლებიდან მსახურობდა, მათ შორის მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასევე, აღნიშნულია, რომ აფხაზეთში გაწეული სამხედრო სამსახურისთვის კობლოვი დაჯილდოვებულია სამშოლოს წინაშე დამსახურებების მეორე ხარისხის ორდენით.

3 პოლკოვნიკის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან ანონიმური ტელეგრამ არხები, მათ შორის რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების დახურული არხი. 

"ჩვენ დიდხანს ვდუმდით, რადგან სიმართლის თქმა არ შეიძლებოდა, მაგრამ რახან უკვე ეს ინფორმაცია ღია წყაროებითაც გავრცელდა ჩვენც გამოვაქვეყნებთ",- ნათქვამია არხის მიერ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში. 

ერთ-ერთი ვერსიით დარტყმა რუსეთის არმიის დაჯგუფების სამეთაურო შტაბზე Storm Shadow-ის ტიპის საჰაერო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა. ვრცელდება ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით შეტევის ვერსიაც - ომის პირობებში აღნიშნული ცნობების დამოუკიდებლად ვერიფიცირება შეუძლებელია. 

 

მსგავსი სიახლეები