ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ინტერესების მარიონეტად იქცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ, მისი აზრით, რუსეთს საქართველოში სამხედრო სტრატეგია არ აქვს და თავისი მიზნების მისაღწევად ქართულ ოცნებას იყენებს, რომელიც რუსეთის ინტერესების მარიონეტად იქცა.

"ეს ის ჰიპოთეზა არაა, რომელსაც გავაჟღერებ და არ ვფიქრობ, რომ რუსეთი იმ პოზიციაშია, რომ [საქართველოში შემოიჭრა] სცადოს, თუმცა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. სტრატეგია, რომელსაც რუსეთი საქართველოში იყენებს, არის ქართული ოცნების გამოყენება, რომელიც რუსული ინტერესების ნამდვილ მარიონეტად იქცა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათი ამჟამინდელი სტრატეგია არ არის სამხედრო. ვფიქრობ, უკრაინა საკმარისია მათთვის. ასე ვიმედოვნებ. იმედი მაქვს, უკრაინა გაძლიერდება. ვფიქრობ, ამ საფრთხეებზე პასუხი არის უკრაინის გარშემო სოლიდარობა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის საშუალების მიცემა, მოიგონ ომი, რომელსაც ჩვენთვის იბრძვიან". - თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, მიუხედავად ყველაფრისა, თუ ვლადიმირ პუტინი საქართველოში მართლა შეიჭრება რა გეგმა არსებობს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი გეგმა არ არსებობს, რადგან საქართველოს უკრაინასავით ძლიერი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

"არ არსებობს გეგმა, თუ ის ამას იზამს, რადგან საქართველო უკრაინა არაა, საქართველოს არ აქვს მსგავსი სამხედრო ძალა, ეს კიდევ ერთი კრიზისი იქნება თქვენთვის. ვფიქრობ, ჯერ აქამდე არ მივსულვართ და ეს არჩევნები არის ის, რაც უნდა დავიცვათ მშვიდობიანად და გამოვხატოთ ჩვენი თავები. ვფიქრობ, დღეს ნამდვილი პასუხი არჩევნებზე ქართველების მობილიზებაა". - თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვას, რას ეტყოდა დასავლეთში მათ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინაში მშვიდობა ნებისმიერ ფასად უნდა დამყარდეს და ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "არ არსებობს მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მათ, ვინც ვიცით ისტორია, ვიცით, რომ მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არსებობს. მშვიდობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ის სამართლიანია, როცა მოსახლეობებს აქვთ თავისუფლება და ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. იქნება მშვიდობა მაშინ, როდესაც რუსეთი შეიგნებს, რომ ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, მასაც აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს".

კონფერენციაზე ზურაბიშვილმა ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზეც და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი, რასაც მის მიერ შემუშავებული და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ქართული ქარტია ითვალისწინებს, სისტემის ძირეული რეფორმაა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმსაჯულების არსებული სისტემის გათვალისწინებით სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებს, ზუტრაბიშვილმა უპასუხა, რომ "დღეს საქართველოს ტრიბუნალებში სამართლიანი არაფერია".

"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბევრი სხვადასხვა პროცესია, მხოლოდ ერთი არაა. დღეს საქართველოს ტრიბუნალებში სამართლიანი არაფერია. ასე რომ, თქვენ მოგიწევთ დაელოდოთ შემდეგს". - თქვა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები