კულება გერმანიაზე: "უკრაინელებს ეს ათწლეულები ემახსოვრებათ"
უკრაინა იმედგაცრუებულია გერმანიის მიერ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 23 იანვარს, Welt am Sonntag-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ გერმანია ჯერ კიდევ არ აძლევს ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების უფლებას, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში“, - განაცხადა კულებამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია, რადგან გერმანია არც თავად აწვდის მათ თავდაცვით შეიარაღებას და სხვა ქვეყნებსაც ხელს უშლის ამის გაკეთებაში.
"უკრაინელებს ეს ათწლეულების განმავლობაში ემახსოვრებათ და ეს ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა. ვისურვებ, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატებული იყოს და ხალხს მეგობრული და თბილი ურთიერთობა ჰქონდეს ერთმანეთის მიმართ", - განაცხადა კულებამ.
მან თქვა, რომ გერმანიამ "წარსულშიც დაუშვა შეცდომები უკრაინასთან მიმართებით", ამიტომ ახლა მისი მოვალეობაა "დღეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება".
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინას არასოდეს დაუგეგმავს შეტევითი სამხედრო ოპერაციები და არც ახლა ახორციელებს მათ.
--------------------------------------------
უკრაინამ გერმანიისგან 100 000 ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტების მიწოდება მოითხოვა. გარდა ამისა, ლეტალური იარაღის მიწოდებაზე გერმანიის პოზიციის შეცვლა მოითხოვა.
გარდა ამისა, ესტონეთს სურს უკრაინას საბჭოთა ეპოქის ჰაუბიცები გადასცეს, რომლებიც წარსულში აღმოსავლეთ გერმანიას ეკუთვნოდა, მაგრამ ამის უფლებას ტალინს ბერლინი არ აძლევს.