არჩევნები 2021 არგენტინაში - შანსი ცვლილებებისათვის
2021 წლის 14 ნოემბერს, არგენტინაში საკანონმდებლო ორგანოს შუალედური არჩევნები გაიმართა. ჩვენ უკვე შევეხეთ ვრცლად ამ არჩევნების პრაიმერს (იხ. ლინკი: https://rb.gy/3ftkz9), თუმცა, მოკლედ შეგახსენებთ, ლათინურ-ამერიკული ქვეყანა აახლებდა კონგრესის ორივე პალატას.
ქვედა პალატაში 257 წევრიდან 127-ის არჩევა უნდა მომხდარიყო, ხოლო ზედა პალატაში (სენატი) 72-დან 24-ის. ამ ბრძოლაში, მცირე პარტიებთან ერთად, ძირითადად ორი კოალიცია უპირისპირდება ერთმანეთს - პერონისტული, მემარცხენე პოპულისტური სახელისუფლებო ბლოკი „ყველას გაერთიანება“ და მემარჯვენე ცენტრისტული მთავარი ოპოზიციური კოალიცია, „ერთად ცვლილებებისთვის.“
პრაიმერის შედეგები მძიმე იყო ხელისუფლებისათვის. მათ თავი ვალდებულად ჩათვალეს მყისიერი რეაქცია ჰქონოდათ, რაც საკადრო ცვლილებებში გამოიხატა. თანამდებობები დატოვეს უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრებმა. შეიცვალა სამთავრობო კაბინეტის ხელმძღვანელიც. ასევე, პრესისა და კომუნიკაციების მდივანი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკადრო ცვლილებებს თან ახლდა ხმები პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დაპირისპირების შესახებ, თუმცა პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ეს უარყო. მიუხედავად ამისა, განხორციელებული ცვლილებები აჩვენებს, რომ „მისი“ კადრები, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის ნდობით აღჭურვილმა „ძველმა გვარდიამ“ ჩაანაცვლა. აქ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ორი ფიგურა - სამთავრობო კაბინეტის ახალი უფროსი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ტუკუმანის პროვინციის გუბერნატორი ხუან მანსური და უსაფრთხოების ახალი შეფი, ანიბალ ფერნანდესი, რომელსაც ცოლ-ქმარ კირშნერების მმართველობისას მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა.
ეს უკანასკნელი დანიშვნიდან მალევე გაეხვა სკანდალში. გაზეთ „ლა ნასიონის“ კარიკატურისტმა, კრისტიან დსვონიკმა, რომელიც ნიკის სახელითაა ცნობილი, ტვიტერზე გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა სუბსიდიების, სოციალური დახმარებების, მოსახლეობისათვის ფულის დარიგების გამო და აღნიშნა, რომ მათ პროგრამაში არსადაა სიტყვები “შრომა“, „დასაქმება“, „მომავალი“ - რაზეც მინისტრმა ტვიტერითვე აგრესიულად უპასუხა, რომ არაფერია ცუდი სუბსიდიაში და რომ მისი შვილების სკოლაც (და მიუთითა კონკრეტულად რომელი) სარგებლობს ამით.
ამან არგენტინულ საზოგადოებაში - მათ შორის ანიბალის თანაპარტიელებშიც კი - უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ეს აღქმულ იქნა როგორც მუქარა, რაზეც მინისტრმა რამდენჯერმე ბოდიშიც მოიხადა. პრეზიდენტმა კი ეს ბოდიში საკმარისად მიიჩნია და განაცხადა, რომ ანიბალ ფერნანდესს არ გადააყენებს.
პრაიმერში წარმატების შემდეგ, ოპოზიციას იმედი ჰქონდა რომ გააუმჯობესებდა შედეგებს. პარტია „ერთად ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატრისია ბულრიჩი აცხადებდა რომ მათი მიზანი იყო ხმათა 45%-ის აღება, ხელისუფლება კი იმედოვნებდა, რომ გააუმჯობესებდა შედეგებს.
დედაქალაქში მათი მთავარი კანდიდატის, ლეანდრო სანტოროს თქმით, ისინი გეგმავდნენ რომ პრაიმერზე ოდნავ უკეთესი შედეგები ეჩვენებინათ. მთლიანობაში, პროგნოზები გამართლდა: პირველი ადგილი დაიკავა ბლოკმა „ერთად ცვლილებებისთვის“ - მათ თითქმის 42% მოაგროვეს (10 მილიონამდე ხმა). სახელისუფლებო გაერთიანებას 33% ერგო (8 მილიონამდე ხმა). მესამე და მეოთხე პოზიციებზე გავიდნენ რადიკალი მემარცხენეები (6%-მდე - 1,4 მლნ. ხმა) და ლიბერტარიანული იდეოლოგიის მქონე ლიბერალები (5% მდე - 1,1 მლნ ხმა) (აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ 17% მიიღო, რაც სერიოზულ განაცხადად შეფასდა). გარდა ამისა, რეგიონულმა პარტიებმა ორ პროვინციაში, ნეუკენსა და რიო ნეგროში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ მისიონების პროვინციასა და კორდობაში. (კორდობაში სამთავრობო ბლოკმა მხოლოდ 10%-ის აღება მოახერხა).
14 ნოემბერს ხმა 24.3 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა. 700 ათასზე მეტმა არჩევანი არ დააფიქსირა (ე. წ. თეთრი ხმები). მთლიანობაში, პერონისტული იდეოლოგიისათვის ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. მათ წააგეს ბრძოლა ყველა მნიშვნელოვან პროვინციასა და თუ ქალაქში (მთლიანობაში 24 პროვინციიდან მოიგეს მხოლოდ 9), მათ შორის, კირშნერების მშობლიურ სანტა-კრუსში, სადაც მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.
ხელისუფლების მარცხი ძირითადი მიზეზებია:
1. ეკონომიკური: მაღალი, წლიური 50%-იანი ინფლაცია, რაც ხუთჯერ აღემატება ბრაზილიის და რვაჯერ მექსიკის მაჩვენებელს. ამას გარდა, არგენტინა, პრეზიდენტ მაკრის მიერ 2018 წელს აღებული ვალის გამო, იქცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმსხვილეს დებიტორად - ვალებმა შეუზღუდა ქვეყანას ახალი სესხის მიღება, რასაც თან დაერთო პანდემია, ყველაზე ხანგრძლივი კარანტინი მსოფლიოში და ხარჯების დასაფარად დაწყებული ფულის ბეჭდვა. პანდემიის გამო დაიხურა 40 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი და 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდა. თუკი სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს 42% (19 მლნ.) იყო, 2021 წელს ამ რიცხვმა თითქმის 50%-ს მიაღწია (22.7 მლნ.). უპოვართა რიცხვმა კი 5 მილიონს გადააჭარბა.
2. პანდემია - მთავრობის წინააღმდეგ, ბევრმა არგენტინელმა ხმა პანდემიის გამო მისცა, რადგანაც კოვიდს უკვე 116 000 ადამიანი ემსხვერპლა. ამას გარდა, მთელი წელი (რამდენიმე თვე დედაქალაქის გარდა, სადაც ოპოზიციაა ხელისუფლებაში) დახურული იყო სკოლები, გაუქმდა საერთშორისო და შიდა ფრენები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსული „სპუტნიკ V-ს“ შეძენა, მაგრამ პრობლემები შეექმნა ლოჯისტიკაში, რამაც ვაქცინაციის პროცესს დიდი დარტყმა მიაყენა. გარდა ამისა, იყო ორი სკანდალი, რომელმაც გავლენა იქონია არჩევნებზე. ესაა ე. წ. „ვაქცინაცია ვიპ“, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს მიენიჭათ პრიორიტეტი (სკანდალს ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა მოჰყვა) და მასობრივი შეზღუდვების პირობებში, პრეზიდენტის პარტნიორი ქალის, ფაბიოლა იანესის მიერ, დაბადების დღის გადახდა ოლივოსის საპრეზიდენტო რეზიდენციაში.
არჩევნების მთავარი ინტრიგა იყო, შეინარჩუნებდა თუ არა ხელისუფლება უმრავლესობას დეპუტატთა ზედა პალატაში. შედეგებმა აჩვენა, რომ მათ ეს ვერ მოახერხეს. ამჟამად ხელისუფლებას 41 მანდატი აქვს - აქედან 25 „ერთად ცვლილებებისთვის“, ხოლო დანარჩენ პარტიებს - 6. სამთავრობო ბლოკს ორი ხმა აკლდება სასურველ უმრავლესობამდე, ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მათ ეს ბერკეტი ბოლომდე დაკარგული აქვთ.
არჩევნების შედეგებს ოპოზიცია დიდი ოვაციებით შეხვდა. საპირისპირო განწყობა იყო სამთავრობო ბანაკში. არჩევნების დღეს, კრისტინა ფერნანდესმა განაცხადა რომ ის სხვა ლიდერებთან ერთად, არ დაესწრებოდა პირველადი შედეგების გამოცხადებას. არგენტინაში მიიჩნევენ, რომ მას არ სურდა ამ მარცხთან ყოფილიყო გაიგივებული და ეს ნაბიჯი ამიტომაც გადადგა.
ალბერტო ფერნანდესმა მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ეს დემოკრატიის გამარჯვებაა და მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. ასევე, დააანონსა სამთავრობო ბლოკის მომხრეთა მარში, რომელიც არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ქალაქის ცენტრში გაიმართა. აქ პრეზიდენტმა დააფიქსირა რომ ამ არჩევნებით დაიხურა ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე - მისი საპრეზიდენტო მანდატის დასკვნითი ნაწილი.
მართლაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ არჩევნებით არგენტინაში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი, რომელიც 2023 წლის ბოლოს დასრულდება. შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობას არ სურს პერონისტული ხელისუფლება და მათ მცირე დრო აქვთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეცვალონ. ოპოზიციისათვის კი პირიქით - არსებული რეალობა არის შანსი ცვლილებებისათვის.
გოგი გაფრინდაშვილი
მომზადებულია La Nacion-ის, Clarin-ის, Infobae-ს და BBC mundo-ს მიხედვით