-

"აჰმად შაჰი - ფსევდონიმი მასუდი, რაც ითარგმნება როგორც იღბლიანი. არის გამორჩეული პირადი და საქმიანი თვისებების ადამიანი. მტკიცედ მიჰყვება დასახულ მიზანს, ასრულებს თავის სიტყვას. არის ჭკვიანი, გამჭრიახი და სასტიკი მოწინააღმდეგე. გამოცდილი კონსპირატორი, მასუდი ფრთხილი, ამპარტავანი და ძალაუფლების მოყვარულია",- ვკითხულობთ საბჭოთა არმიის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ აჰმად შაჰ მასუდზე მომზადებულ დოსიეში.

ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება ავღანეთზეა მიპყრობილი - აშშ-ის ჯარების გაყვანის პარალელურად ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმეთვიანი სამოქალაქო დაპირისპირება ცენტრალური მთავრობის დამხობით და ქაბულის დაცემით დასრულდა. 

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა, ქვეყნიდან წავიდნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოჯაჰიდებიც, რომლებიც გასულ თვეებში თალიბანს სასტიკ წინააღმდეგობას პირდებოდნენ. ამ დროისთვის თალიბანი თითქმის სრულად აკონტროლებს ავღანეთის ტერიტორიას, ერთადერთი გამონაკლისი ლეგენდალური მეომრის აჰმად შაჰ მასუდის მშობლიური ფანჯშირია. 

1980-იანი და 1990-იანი წლების მსგავსად ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდეგ უკვე თალიბანის მიერ დაპყრობილი ავღანეთში ხუთი ლომის ხეობა კვლავ წინააღმდეგობის ერთადერთი წერტილია. სწორედ ფანჯშირშია გამაგრებული ყველა პოლიტიკური მოთამაშე, რომლებმაც უარი თქვეს თალიბანისთვის დაეთმოთ ქვეყანა. აქ იმყოფება ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, შერიგების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და აჰმად მასუდი.

ამ სამ ადამიანს ერთმანეთთან ფანჯშირის ლომად წოდებული აჰმად შაჰ მასუდი აერთიანებთ - აჰმადი, მასუდის ერთადერთი ვაჟია, ამრულა სალეჰი მასუდის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და თანამებრძოლი, ხოლო აბდულა აბდულა მასუდის აპარატის უფროსი იყო. 

მას შემდეგ, რაც უმცროსმა მასუდმა თალიბანთან ბრძოლის მზაობა გამოთქვა და დასავლეთს ამ საქმეში დახმარება სთხოვა ბევრმა გაიხსენა უფროსი მასუდი და ის როლი, რომელსაც აჰმად შაჰი ავღანეთის გადასარჩენად და მშვიდობის დასამყარებლად ასრულებდა. ბევრი დამკვირვებლის აზრით, აჰმად შაჰი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო უდიდესი როლი ეთამაშა ამ ეთნიკურად და რელიგიურად უკიდურესად ჭრელი და რთული ქვეყნის გაერთიანებაში. 

დღეს ბევრი ავღანელის უკანასკნელი იმედი მისი ვაჟია - ვინ იყო აჰმად შაჰ მასუდი, რომელიც სხვადასხვა დროს საბჭოთა КГБ-ის, თალიბანის და ოსამა ბინ ლადენის მთავარი მოწინააღმდეგე და სამიზნე იყო.

 

ნიჭიერი მოსწავლე და სტუდენტი

 

 აჰმად შაჰი ბავშვობაში

აჰმად შაჰი 1953 წელს ქალაქ ბაზარაქში, ავღანეთის სამეფო არმიის პოლკოვნიკის ოჯახში დაიბადა. მამა, დოსტ მოჰამად ხანი სპარსულენოვანი ტაჯიკური არისტოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მამის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. აჰმადის დაბადებიდან ცოტა ხანში, ოჯახი ჰერათში გადავიდა, იქიდან კი უკვე ქაბულში.

სხვადასხვა ინტერვიუებში აჰმად შაჰი იხსენებდა, რომ ყოველთვის სამხედრო კარიერისკენ მიისწრაფვოდა, თუმცა ოჯახი წინააღმდეგი იყო. მისი თქმით მის მშობლებს სურდათ იგი ექიმი ან ინჟინერი გამოსულიყო. აჰმად შაჰმა საშუალო განათლება ჰერათის ფრანგულენოვან ისტიკლალის ლიცეუმში მიიღო. მას ახასიათებდნენ, როგორც ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოსწავლეს, აჰმად შაჰი საუკეთესო ავღანურ ტრადიციებში იზრდებოდა. 

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ოჯახის თხოვნით აჰმად შაჰმა ქაბულის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ინჟინერის პროფესიას აჰმად შაჰი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ დაეუფლა. ამავე პერიოდში ქაბულის პოლიტიქნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა მოძრაობა ისლამური საზოგადოების ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, გულბუდინ ჰეკმატიარი. თავის მხრივ ისლამური საზოგადოება ეგვიპტეში დაარსებული მუსლიმთა საძმოს ფილიალი იყო.

აჰმად შაჰი მშობლიური დარის [სპარსულის ავღანური დიალექტი] გარდა, შესანიშნავად ფლობდა პუშტუნების დიალექტს, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ამ ენებზე ის კითხულობდა მაო ძედუნისა და ერნესტო ჩე გევარას ნაშრომებს რევოლუციური მოძრაოებების და პარტიზანული ომის ტაქტიკებზე. მოგვიანებით ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, აჰმად შაჰს თავისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცა. 

1973 წელს ავღანეთის ყოფილმა პრემიერმა და მეფის, ზაჰირ-შაჰის ბიძაშვილმა მოჰამად დაუდ ხანმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. გადატრიალებას მხარი დაუჭირა პრო-საბჭოთა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ. ავღანეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, ქვეყანაში გაზრდილ საბჭოთა და კომუნისტურ გავლენას ტრადიციული საზოგადოების უკმაყოფილება და ისლამისტური მოძრაობების კონსოლიდაცია მოჰყვა. 

ქაბულის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აჰმად შაჰი ისლამური საზოგადოების ახალგაზრდული ფრთის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. მოძრაობას იმ დროს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი ხელმძღვანელობდა. ქაბულის უნივერსიტეტი პოლიტიკური დებატებისა და აქტივიზმის მთავარი ცენტრი იყო.

1975 წელს პაკისტანური დაზვერვის დახმარებით "ახალგაზრდა მუსლიმებმა" აჰმად შაჰის მშობლიურ ფანჯშირში აჯანყების მოწყობა სცადეს, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციის წევრების დევნა დაიწყო. სწორედ ამ დროს გაჩნდა პირველი სქიზმა მანამდე ერთიან ისლამურ საზოგადოებაში - ორგანიზაციის ნაკლებად რადიკალური წევრები რაბანისა და აჰმად შაჰის ირგვლივ გაერთიანდნენ, ხოლო რადიკალური განწყობების მქონე მუსლიმები გულბუდინ ჰეკმატიარის მიერ დაარსებულ ახალ ორგანიზაციას ჰიზბ-ე-ისლამის [ისლამის პარტია] შეურთდნენ.

სწორედ პირველი ჩავარდნილი აჯანყებიდან იწყება აჰმად შაჰის სამხედრო და პოლიტიკური კარიერა - ამ დროიდან მოყოლებული იგი განუწყვეტლად პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩართული. სწორედ ამ დროს აიღო თავისი საბრძოლო ფსევდონომი - მასუდი, რაც დარიდან თარგმანში იღბლიანს ნიშნავს. 

ფანჯშირის ლომი შურავის წინააღმდეგ

ქვეყანაში კომუნისტური ხელისუფლების გამაგრების შემდეგ მასუდი ათასობით ავღანელთან ერთად პაკისტანში გადავიდა, სადაც უწყებათშორისი დაზვერვის [ISI] მიერ ორგანიზებულ ბანაკებში შესაბამისი წვრთნა მიიღო. 1979 წლის ივნისში მასუდი ავღანეთში გადაიპარა, სადაც ჯერ ავღანელი კომუნისტების, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 

თავდაპირველად, მასუდის დაჯგუფება სულ 27 მებრძოლს ითვლიდა, ჯგუფის შეაიარაღება ორ კალაშნიკოვის ავტომატს, რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს და მოძველებულ ბრიტანულ იარაღს მოიცავდა. 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა დაიწყო ავღანეთის ოკუპაცია, რომლის ოფიციალური მიზანიც "ინტერნაციონალური ვალის შესრულება და მოძმე ავღანელი ხალხის დახმარება იყო."

საბჭოთა კავშირის შეჭრას და წითელი არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს წინააღმდეგობის მოძრაობის კონსოლიდაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიზანული ფრონტის გაფართოება მოჰყვა. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის მდგომარეობა აშშ-ის სპეცსამსახურების ნაბიჯებმა გაართულა - CIA პაკისტანური დაზვერვის შუამავლობით და საუდის არაბეთის დაფინანსებით აიარაღებდა და წვრთნიდა მოჯაჰიდებს, რომელთა ერთადერთი მიზანი შურავის [საბჭოელები] დამარცხება იყო.

ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი ფანჯშირში გამაგრებული აჰმად შაჰ მასუდი გახდა. ომის პირველივე წლებში მასუდმა ბრწყინვალე სამხედრო ტაქტიკოსის ნიჭი გამოავლინა. ის აორგანიზებდა ეფექტურ და მოულოდნელ შეტევებს და ახერხებდა თავისი ტერიტორიის დაცვას. საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში წითელმა არმიამ 9-ჯერ სცადა ფანჯშირის აღება, თუმცა მასუდის დაჯგუფებამ კომუნისტები ყველა ჯერზე დაამარცხა. 

საბჭოელების მიერ მასუდის წინააღმდეგ ჩატარებული თითოეული ოპერაცია მტკივნეული მარცხით სრულდებოდა. ბრწყინვალე სამხედრო ხელმძღვანელის გარდა მთელ რეგიონში სწრაფად გავრცელდა ხმები მასუდის პიროვნული თვისებების შესახებ - სხვა მოჯაჰიდებისგან განსხვავებით, რომლებიც სასტიკად ეპყრობოდნენ ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ჯარისკაცებს და აწიოკებდნენ ადგილობრივ მოსახლოებას, მასუდის კონტროლირებად ტერიტორიებზე ადგილი მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. 

ცნობილია, წითელი არმიის რიგითი ჯარისკაცის ნიკოლაი ბისტროვის ამბავი, რომელიც მასუდის დაჯგუფებას ტყვედ ჩაუვარდა. ტყვედ ჩავარდნილ ბისტროვს მასუდმა კაპიტალისტურ დასავლეთში გადასვლა შესთავაზა, თუმცა ბისტროვმა მასუდთან დარჩენა არჩია. ბისტროვმა ისლამი მიიღო და ახალ სახელად ისლამუდინი დაირქვა. ბისტროვი 8 წლის განმავლობაში მასუდის პირად დაცვაში მსახურობდა.

მასუდმა ფანჯშირის მოსახლეობის ნდობა და კეთილგანწყობა მალევე მოიპოვა, რაც პარტიზანული მოძრაობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა. სხვა მოჯაჰიდები საბჭოთა ოკუპაციას ძირითადად ჯიჰადის ფანატიკურ პრიზმაში ხედავდნენ და შესაბამისადაც იქცეოდნენ, დროთა განმავლობაში მასუდმა შეძლო ამისგან დისტანცირება და მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. 

ამის მაგალითი იყო 1984 წელს საბჭოთა კავშირთან სიტყვიერად შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა. ეს იყო პირველი შეთანხმება წითელ არმიასა და მოჯაჰიდებს შორის. მასუდის გადაწყვეტილებამ ჯიჰადისტურ ფრონტიდან კოლეგების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა მასუდმა თავისი გადაწყვეტილება დაიცვა, მას მხარი დაუჭირა ფანჯშირის მოსახლეობამაც.

მსგავსმა ნაბიჯებმა მასუდი წარმოაჩინა ადამიანიად, რომელიც ხვდებოდა როდის იყო ბრძოლის და როდის იყო საუბრის დრო, რომელსაც შეეძლო დათმობაზე წასვლა სისხლისღვრის შესაჩერებლად. მომდევნო წლებში მასუდის სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი კიდევ არაერთხელ გამოვლინდა. 

1986 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ავღანეთში აქტიური საომარი მოქმედებები მინიმუმამდე დაიყვანა. საბჭოთა კავშირის სამხედრო ხელმძღვანელობა ყოველდღიურად უფრო მეტად აცნობიერებდა, ვითარების ჩიხურობას და მოჯაჰიდებთან აქტიური ბრძოლის ნაცვლად მათი შეკავების სტრატეგიაზე გადავიდა. მით უფრო იმის ფონზე, რომ მოჯაჰიდები უკვე ამერიკული ანტი-საავიაციო სტრინგერებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამან ძირი გამოუთხარა ერთადერთ უპირატესობას, რომელსაც წითელი არმია ფლობდა. - საბჭოელები ავღანეთის ცას ვეღარ აკონტროლებდნენ. 

ამის ფონზე, საბჭოთა კავშირი ეფექტურ კონტროლს პრაქტიკულად მხოლოდ ქალაქებში ფლობდა, ქვეყნის პროვინციები კი მოჯაჰიდების ფაქტიური კონტროლის ზონად იქცა. მათ შორის მასუდის უპირობო გავლენის ზონად გადაიქცა ფანჯშირის ხეობა. იგი პრაქტიკულად ფანჯშირის სახალხო ლიდერად ჩამოყალიბდა, ადგილობრივები მას ფანჯშირის მეფედაც მოიხსენიებენ. 

ამ დროსვე საბჭოთა კავშირში პერესტროიკა დაიწყო, ქვეყანაში ახალი დროება დადგა, ამის ფონზე საბჭოთა სამხედრო კამპანია ავღანეთში სულ უფრო და უფრო უაზროდ მოსჩანდა. გარდა ამისა ავღანეთში 50 000 წითელარმიელის ყოფნა და მომარაგება უკვე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ზედმეტად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. 

საბოლოოდ 1988 წლის აპრილში შვეიცარიაში ხელი მოეწერა ჟენევის აკორდს, რომელიც ავღანეთის ოკუპაციის დასრულებას და საბჭოთა ჯარების გაყვანას გულისხმობდა. 1989 წლის 15 თებერვალს, უზბეკეთისა და ავღანეთის დამაკავშირებელი ხალხთა მეგობრობის ხიდი ბოლო საბჭოთა ჯარისკაცმა გადმოკვეთა. 

"ყველას ომი ყველას წინააღმდეგ"

აჰმად შაჰ მასუდი თავის მებრძოლებთან ერთად

საბჭოთა ინტერვენციის მიწურულს აჰმად შაჰ მასუდი პრაქტიკულად ავღანური წინააღმდეგობის ნამდვილ სახედ გადაიქცა, მისი პოპულარობა იზრდებოდა არამხოლოდ რეგიონში, არამედ დასავლეთშიც. საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ Wall Street Journal-ში მასუდზე დაიბეჭდა სტატია სათაურით - "ავღანელი, რომელმაც ცივი ომი მოიგო."

ჯარების გაყვანის შემდეგ, კომუნისტებმა ავღანეთის პრეზიდენტად მოჰამად ნაჯიბულა დატოვეს. ნაჯიბულას განკარგულებაში დარჩა საბჭოთა იარაღით აჭღურვილი და გაწვრთნილი არმია, 100-ზე მეტი ბომბდამფშენით და ასობით საბჭოთა არმიის ინსტრუქტორი. კომუნისტები ნაჯიბულას რეჟიმის ფინანსურ და ტენიკურ მხარდაჭერას ჯარების გაყვანის შემდეგაც აგრძელებდნენ, თუმცა ნათელი იყო, რომ ნაჯიბულად ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდებოდა. 

თავის მხრივ, აშშ-ის მხარდაჭერით პაკისტანი კვლავ აგრძელებდა საკუთარი ადეპტების შეიარაღებას და ფინანსურ მხარდაჭერას. აშშ-ის სადაზვერვო უწყებები ვარაუდობდნენ, რომ ნაჯიბულას რეჟიმი მაქსიმუმ 6 თვეს გაძლებდა, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა. 

საერთო მტრის გასვლის ფონზე მოჯაჰიდურ ფრონტზე თავი იჩინა ძველმა სქიზმამ, ეს დაპირისპირება ყოველდღიურად ღვივდებოდა. პირველი შეტაკებები მოჯაჰიდების სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ჯერ კიდევ 1987 წელს დაიწყო - გულბუდინ ჰეკმატიარი, რომელიც პაკისტანის მთავარი ფავორიტი იყო, დროგამოშვებით აჰმად შაჰ მასუდის ჯარებს უტევდა. ჰეკმატიარის ჯარებმა რამდენჯერმე ჩაუჭრეს მასუდს მომარაგების გზები. 

ჰეკმატიარი ამერიკული იარაღის მთავარი ბენეფიციარი იყო, პაკისტანს სურდა ნაჯიბულას დამხობის შემდეგ ჰეკმატიარის ფუნდამენტალისტური, პრო-პაკისტანური დიქტატურა დამყარებულიყო. ამ გზაზე ჰეკმატიარისთვის მთავარ დაბრკოლებას კი მასუდის მიერ გაერთიანებული 130-მდე მეთაურის ჯარი წარმოადგენდა. 1989 წელს ჰეკმატიარმა ერთ-ერთი შეტევის დროს მასუდის 30-მდე ჯარისჯაცი შეიპყრო, რომლებიც წამებით მოკლა, ბევრი მათგანი მასუდის პირადი მეგობარი იყო. მოგვიანებით მასუდმა მკვლელები ტყვედ აიყვანა, თუმცა შურისძიების ნაცვლად სასამართლოს გადასცა. ეს ყველაფერი ყოვლისმომცველ და დამანგრეველ სამოქალაქო ომს მოასწავებდა.

დღევანდელი თალიბების მსგავსად, ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში გამაგრებული მოჯაჰიდები შეტევაზე გადასასვლელად შესაბამის მომენტს ელოდნენ. ეს მომენტი საბჭოთა ჯარების გასვლიდან ერთი თვის შემდეგ 1989 წლის გაზაფხულზე დადგა - 7 პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებული მოჯაჰიდების ჯგუფმა ჯალალაბადს შეუტია. მოლოდინების მიუხედავად, ავღანეთის არმიამ ქალაქის შენარჩუნება შეძლო და მოჯაჰიდები სასტიკად დაამარცხა. ჯალალაბადის ბრძოლაში მასუდს მონაწილეობა არ მიუღია, მეტიც მისი მტკიცებით ამის შესახებ BBC-ის რადიოდან გაიდო. 

ჯალალაბადში გამარჯვების მიუხედავად, საბჭოთა კავშირში ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურად მძიმდებოდა, პირდაპირ პროპორციულად მძიმდებოდა ნაჯიბულას მდგომარეობაც. ჩიხურ ვითარებაში მყოფი ნაჯიბულა სსრკ-ის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს ჯერ აჰმად შაჰ მასუდის მოშორებას, ხოლო შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა ჯარების მცირე კონტინგენტის დატოვებას თხოვდა. 

შევარდნაძემ საბჭოთა ხელმძღვანელობის დარწმუნება ვერ მოახერხა და საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. ცენტრალური მთავრობა მუდმივად კარგავდა პოზიციებს. 1991 წლის დასაწყისში მთავრობა ქვეყნის მხოლოდ 10%-ს აკონტროლებდა. იმავე წლის შემოდგომაზე გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ნაჯიბულა შევარდნაძეს წერდა - "მე არ მინდოდა პრეზიდენტობა, ეს თქვენ შთამაგონეთ, თქვენ მოითხოვდით ამას დაჟინებით და მპირდებოდით მხარდაჭერას დღეს კი მეც და ავღანეთის რესპუბლიკაც ბედის ანაბარა მიაგდეთ."

საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან გამოდიან 1989 წლის 15 თებერვალი

1991 წლის მიწურულს მოჯაჰიდებმა მრავალთვიანი ალყის შემდეგ ქალაქი ხოსტი დაიკავეს, რამაც ავღანეთის არმია მორალურად გატეხა. 1992 წლის იანვარში უკვე რუსეთის მთავრობამ ნაჯიბულას ყველანაირი დახმარება შეუწყვიტა, ამის ეფექტი ელვისებური იყო. იმავე წლის მარტში ნაჯიბულამ მზაობა გამოთქვა გადამდგარიყო მთავრობასთან ერთად და მხარი დაეჭირა ახალი გარდამავალი მთავრობისთვის. ნაჯიბულას ამ განცხადების შემდეგ მისი უკანასკნელი მომხრეებიც აჯანყების მხარეს გადავიდნენ. 

ნაჯიბულას განუდგა გენერალი აბდულ რაშიდ დოსტუმიც, რომელიც ავღანელი უზბეკების არაფორმალურ ლიდერად მიიჩნეოდა. სწორედ დოსტუმი მეთაურობდა ავღანეთის არმიის ყველაზე ეფექტურ, 40 ათასი უზბეკისგან შემდგარ შენაერთს. პრაქტიკულად იმ დღესვე დოსტუმმა აჰმად შაჰ მასუდდთან არაფორმალური ალიანსი გააფორმა. 

ბაგრამის აეროპორტიდან საბჭოთა ჯიპზე ამხედრებული მასუდი წინ გაუძღვა მის კოალიციურ შენაერთებს. გზაზე მასუდის კოლონა მხოლოდ ერთხელ სალოცავად შეჩერდა და სამი საათის შემდეგ, გასროლის გარეშე შევიდნენ ქაბულში. ნაჯიბულას რეჟიმი დაემხო, თუმცა მას საფრთხე მხოლოდ მასუდისა და დოსტუმისგან არ ემუქრებოდა - ქაბულის მისადგომებთან იდგა პაკისტანის მიერ მხარდაჭერილი გულბუდინ ჰეკმატიარის ჯარიც, რომელიც დედაქალაქის შტურმით აღებას აპირებდა. 

ქაბულის აღება მასუდის სამწლიანი მომზადების, ბრწყინვალე დაგეგმვისა და სწრაფი რეაქციის დამსახურება იყო. მასუდის ამგვარი გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. პირველ რიგში პაკისტანელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში პრაქტიკულად ებრძოდნენ მასუდს და მხარს უჭერდნენ ჰეკმატიარს. საბოლოოდ პაკისტანის დაზვერვის  მრავალწლიანი შრომა და ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. მთავარი პრიზი - ქაბული მასუდს ერგო. 

ჰეკმატიარის ჰიზბ-ე-ისლამი ქალაქს შეუჩერებლად ბომბავდა. ქაბულისთვის ბრძოლა დასკვნით ეტაპზე 1992 წლის აპრილის მიწურულს გადავიდა, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ჰეკმატიარმა ქალაქის აღება ვერ მოახერხა. მასუდის და დოსტუმის ძალებმა ქაბული შეინარჩუნეს. 

მასუდმა უარი თქვა ნაჯიბულას შინაგან საქმეთა მინისტრის შეთავაზებაზე დაეკავებინა ავღანეთის პრეზიდენტის პოსტი და  ნაციონალური ერთობის მთავრობის შექმნის იდეით გამოვიდა. პროცესი საბოლოოდ პეშავარის შეთანხმებით დასრულდა, რომლის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტად bურჰაბუდინ რაბანი დაინიშნა, ხოლო მასუდმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. 

მასუდი ეროვნული ერთობის მთავრობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებდა ჰეკმატიარსაც, თუმცა ამ უკანასკნელმა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა "ქაბულს შიშველი ხანჯლით ავიღებთ, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს",- პასუხობდა მასუდს ჰეკმატიარი. 

ჯერ კიდევ ქაბულში იმყოფებოდა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ნაჯიბულა, მასუდმა და დოსტუმმა მას ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს და პრაქტიკულად გაეროს ოფისში გამოკეტეს. მალევე განხეთქილება დაიწყო გამარჯვებულებს შორისაც, ქაბული კვლავ გულბუდინ ჰეკმატიარის ალყაში იმყოფებოდა, დედაქალაქის ალყა რამდენიმე წელი, მძიმე დაბომბვების ფონზე გაგრძელდა.

ვითარება დამძიმდა ავღანეთის პროვინციებში, სადაც სხვადსხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. პროქსი ძალები ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, ქვეყანა ქაოსში ჩაეფლო, სადაც მიმდინარეობდა ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. ეს იყო ომი, რომელშიც ელვის სისწრაფით იცვლებოდნენ მტრები და მოკავშირეები.

მთავარი ანტი-თალიბი

 

მომდევნო წლებში ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდა, შეიცვალა ძალთა განლაგებაც - აბდულ რაშიდ დოსტუმი გარკვეულ ეტაპზე მასუდს განუდგა და ჰეკმატიართან შევიდა ალიანსში. მიუხედავად ამისა მასუდის ძალები ახერხებდნენ ქალაქის შენარჩუნებას. ქაბულის მახლობელ პროვინციებში ერთმანეთს ებრძოდნენ საუდის არაბეთის მხარდაჭერილი აბდულ-რასულ საიაფისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი კარიმ ხალილის ძალები. მიუხედავად ამისა რაბანი და მასუდი სამშვიდობო პროცესზე მუშაობდნენ, რომელსაც სამოქალაქო ომი უნდა დაესრულებინა. 

სწორედ იმ დროს, როდესაც მასუდმა და რაბანიმ პრაქტიკულად ყველა ჯგუფი დაითანხმეს მონაწილეობა მიეღოთ სამშვიდობო პროცესში, ყანდაჰარში ახალი და უფრო სასტიკი ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით თალიბანის სახელით გახდა ცნობილი. თალიბები პაკისტანში მდებარე ავღანელი ლტოლვილების ბანაკში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც განათლება პაკისტანის ფუნდამენტალისტურ მედრესეებში მიიღეს. სწორედ აქედან მოდის ორგანიზაციის სახელწოდება, რომელიც ითარგმნება როგორც მოსწავლე. 

ჰეკმატიარის წარუმატებლობის შემდეგ პაკისტანი ფსონს სწორედ თალიბებზე ჩამოვიდა. პაკისტანი არამხოლოდ წვრთნიდა და აიარაღებდა თალიბებს, არამედ ამარაგებდა ცოცხალი ძალით, ხშირად თალიბანის ოპერაციებს პაკისტანის უწყებათშორისი დაზვერვის [ISI] ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. არსებობდა მოლოდინი, რომ მოჯაჰიდები მალე გაერთიანებოდნენ, აქედან გამომდინარე პაკისტანის მითითებით თალიბები ფორსირებულ შეტევებზე გადავიდნენ. 

თალიბების საყრდენად პუშტუნების დედაქალაქი ყანდაჰარი იქცა. ყანდაჰარელი იყო თალიბანის დამფუძნებელი მულა ომარიც. ჯგუფმა მალევე მოახერხა ყანდაჰარის აღება და შეუტია ჰერათს. ჰერათში გამაგრებულმა ისმაილ ხანმა მასუდის დახმარებით შეტევის მოგერიება შეძლო. თალიბები შეეცადნენ ჯალალაბადის აღებასაც, თუმცა არც ეს გამოუვიდათ. მარცხის სერიის შემდეგ მულა ომარმა ჯგუფზე კონტროლი გაამყარა და პაკისტანელების მხარდაჭერით ხელახალ შეტევაზე გადავიდა. 

მოულოდნელი შეტევის შემდეგ თალიბებმა შეძლეს ჰერათის დაკავება, ჯერ ჯალალაბადზე მიდგა, სადაც პაკისტანელების დახმარებით თალიბებმა გავლენიანი მოჯაჰიდები უბრალოდ მოისყიდეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. თალიბანის ამგვარ სწრაფ დაწინაურებას ჰქონდა სხვა მიზეზებიც, თალიბები ომისგან და უკანანობისგან გადაღლილ ავღანელებს მშვიდობას და წესრისგს პირდებოდნენ და ამას თავიანთი სასტიკი მეთოდებით მაგრამ მაინც ახერხებდნენ. სინამდვილეში 1990-იანი წლების ავღანეთის ბევრ პროვინციაში თალიბანს როგორც გამათავისუფლებლებს ისე ეგებობდნენ. 

მალევე თალიბებს შემოემატა სუდანიდან გამოძევებული ოსამა ბინ ლადენი, რომელიც 1980-იან წლებში მოჯაჰიდების მოძრაობას ეხმარებოდა. ავღანეთში დაბრუნებისთანავე ბინ ლადენმა მალევე საერთო ენა გამონახა მულა ომართან და ჯგუფს არაბული ყურის ქვეყნებიდან წამოსული მებრძოლებით და იარაღით ამარაგებდა.

თავდაპირველად თალიბანის გამოჩენას მიესალმებოდა აჰმად შაჰ მასუდიც და მათ პოლიტიკურ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებდა, თუმცა მალევე მასუდმა თალიბებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და მათი პრინციპული მოწინააღმდეგე გახდა. მომდევნო წლებში თალიბები მასუდს სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს სთავაზობდნენ, თუმცა მასუდმა თალიბების წინადადება არ მიიღო. ამას მასუდი იმით ხსნიდა, რომ მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. 

ჯალალაბადის დაკავების შედმეგ, ჯერი ქაბულზე მიდგა. ამ დროისთვის ჩრდილოეთ ნაწილიდან თავისი ალყა მოხსნა ჰეკმატიარმა. ჰერათის დაკავების შემდეგ თალიბებს საშუალება მიეცათ ქაბულისთვის სხვა მხრიდანაც შეეტიათ. ქაბულში გამაგრებული მასუდი პრაქტიკულად ოთხივე მხრიდან სრულ ალყაში და ბლოკადაში აღმოჩნდა. ამ ვითარებაში დედაქალაქის დაცემა გარდაუვალი იყო და მასუდმა ქალაქის დაცლა და ჩრდილოეთში გამაგრება არჩია.

 

თალიბები ქაბულში 1996 წლის ოქტომბერი

1996 წლის შემოდგომაზე მასუდმა ქაბულის ევაკუაცია დაიწყო, მკვლევარები ამბობენ, რომ მასუდის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული - პირველ რიგში ის ხვდებოდა, რომ ქაბულის დაცვა შექმნილ ვითარებაში შეუძლებელი იქნებოდა. ასევე, მას არ უნდოდა თალიბების შეტევა დროში გაწელილიყო, რაც უმრავ მსხვერპლს გამოიწვევდა და მასუდს ქაბულის მოსახლეობის მხარდაჭერას დააკარგვინებდა. 

მასუდმა ქაბულის დატოვება შესთავაზა გაეროს ოფისში გამოკეტილ პრეზიდენტ ნაჯიბულასაც, თუმცა უცნობი მიზეზით ნაჯიბულამ გამგზავრებაზე უარი თქვა. საბოლოდ, 1996 წლის 27 სექტემბერს თალიბანმა ქაბული დაიკავა და ავღანეთის ისლამური საამირო გამოაცხადა. თალიბებმა ნაჯიბულა და მისი ძმა სასტიკად აწამეს და მოკლეს, მათი გვამები საპრეზიდენტო სასახლის ლამფიონზე ჩამოკიდეს. ავღანეთში ფუნდამენტალისტური სასტიკი რეჟიმი დამყარდა, რომელიც თავის მხრივ ისლამისა და შარიათის უმკაცრეს ინტერპრეტაციას ეყრდნობოდა. 

ქალებს ჩამოერთვათ უფლებები, მათ შორის ისეთი უფლებები როგორიცაა გარეთ გასვლა თანხმლები ნათესავი კაცის გარეშე, მათ ჩამოერთვათ მუშაობის და სწავლის უფლება. დამკვიდრდა შარიათის სამართალი, რომლის ფარგლებში ფართოდ დაინერგა კიდურების მოკვეთა, ცემა, ჩაქოლვა, სიკვდილით დასჯა. ავღანეთი მიიტაცეს ადამიანებმა, რომელთათვისაც მსოფლიო ისტორიის ბოლო 1 000 წელი არაფერს ნიშნავდა. 

ცხოვრება მასუდისტანში

ქაბულის დათმობის მიუხედავად, მასუდი თავის მომხრეებთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთით, მშობლიურ ფანჯშირში გამაგრდა. დანარჩენ ქვეყანაში კი პრაქტიკულად თალიბანის დიქტატურა დამყარდა. თალიბანის აღზევების ფონზე, ავღანეთიდან წავიდნენ ძველი მოჯაჰიდები, მათ შორის ქვეყანა დატოვა ბურჰაბუდინ რაბანიმ, აბდულ რაშიდ დოსტუმმა, გულბუდინ ჰეკმატიარმა. მასუდი თალიბანის ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე და თალიბებთან ბრძოლა გააგრძელა. 

ფანჯშირში გამაგრებულმა მასუდმა რამდენიმეჯერ უკუაგდო თალიბების შეტევა. მიუხედავად იმისა, რომ მასუდი ავღანეთის ტერიტორიის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებდა, სწორედ მის ტერიტორიებზე იყო თავმოყრილი ავღანეთის მოსახლეობის 30%. თალიბანის მხეცობას გამოქცეული მილიონობით ადამიანი ბოლო თავშესაფარს სწორედ მასუდის ტერიტორიაზე პოულობდა.

ფანჯშირი და მასუდის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები იყო პრაქტიკულად ერთადერთი ადგილი ავღანეთში, სადაც ადამიანებს განურჩევლად მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა საშუალება ჰქონდათ ნორმალურად ეცხოვრათ და არ ყოფილიყვნენ შუასაუკუნებრივი ტერორის ქვეშ. 

სხვა მუჯაჰიდებსგან განსხვავებით მასუდი ყოველთვის ეფექტურად აკონტროლებდა თავის შენაერთებს, რაც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს გაცილებით უფრო უსაფრხოდ აქცევდა. თავის ტერიტორიაზე მასუდი ცდილობდა ჩამოეყალიბებინა გარკვეული ტიპის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც მოიცავდნენ განათლების, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებს. მიუხედავად ამისა, მასუდის სისტემა ცხადია მის პერსონაზე იყო დამყარებული და უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადასაჭრელად სწორედ მასთან მიდიოდნენ. 

2000 წელს მასუდმა ხელი მოაწერა ავღანელი ქალების მიერ შემუშავებულ ქალთა უფლებების დეკლარაციას. დოკუმენტი აღიარებდა კაცის და ქალის თანაბარ უფლებებს, ქალებს ენიჭობოდათ სწავლისა და მუშაობის უფლება. ქალებს არ მოეთხოვებოდათ ბურქის ტარება. მასუდის ტერიტორიებზე გოგოების სკოლებს მუშაობას ომის დროსაც არ წყვეტდნენ. 

სხვადასხვა ინტერვიუებში მასუდი მსჯელობდა ავღანურ ტრადიციებზე და ამბობდა, რომ ვითარების გამოსწორებას თაობების შეცვლა და განათლება დაჭირდებოდა. ბევრი მკლევარის აზრით მასუდი ცდილობდა ეროვნული ერთიანობის მიღწევას, რომელიც ქვეყანას წინსვლის საშუალებას მისცემდა.  

ფანჯშირში გამაგრებული მასუდი კარგად ხვდებოდა, რომ მისი ძალები თალიბანის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნებოდა. თავად მასუდიც და მისი თანამებრძოლებიც ხშირად ამბობდნენ, რომ "ისინი არა თალიბანს, არამედ პაკისტანს ებრძვიან". მასუდმა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფრონტი გაშალა და თავისი დროშის ქვეშ გააერთიანა ავღანელი ტაჯიკები, ჰაზარები, ისმაილიტები, უზბეკები და პუშტუნების ნაწილი. ამ პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებას ჩრდილოური ალიანსი ეწოდებოდა. სწორედ ჩრდილოური ალიანსი წარმოადგენდა ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას.

პარალელურად მიმდინარეობდა საიდუმლო პოლიტიკური მოლაპარაკებები თალიბანთან დაპირისპირებული სხვადასხვა ძალების ლიდერებთან. მათ შორის მასუდმა თანამშრომლობა დაიწყო ეთნიკური პუშტუნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლიდერთან აბდულ-ჰაკთან. მოგვიანებით მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთი კიდევ ერთი პუშტუნი ლიდერიც ჰამიდ ყარზაიც - გაჩნდა დიდი ტაჯიკურ-პუშტუნური ალიანსის ჩანასახი. 

აჰმად შაჰ მასუდი და აბდულ ჰაქი

2000 წლის ნოემბერში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ანტი-თალიბანური ფრონტის ლიდერები მასუდის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებდნენ თალიბების დასამარცხებლად, რის შემდეგაც 1973 წელს დამხობილი მეფის ზაჰირ შაჰის დროშის ქვეშ გაერთიანდებოდნენ.

ამ ფონზე მასუდთან მანამდე ფრთხილი დამოკიდებულების მქონე ამერიკელებიც ხვდებოდნენ, რომ ავღანური პრობლემის მოგვარებაში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნებოდა. 2001 წლის აპრილში მასუდი ჩრდილოური ალიანსის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში პოლიტიკურ ტურნეში წავიდა. ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას მასუდმა განაცხადა, რომ თალიბანი და ალ-ქაიდა ისლამის არასწორ ინტერპრეტაციას ეყრდნობიან და არ წარმოადგენენ ჭეშმარიტ ისლამს. 

აჰმად შაჰ მასუდი ევროპარლამენტში

მასუდმა ამბობდა, რომ ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ აშშ-მა დაივიწყა თავისი მოარალური ვალი მსოფლიოს წინაშე და ავღანელი ხალხი მიატოვა. თავის სიტყვაში მასუდმა მსოფლიოს მოუწოდა გაეძლიერებინათ წნეხი პაკისტანზე და თქვა, რომ პაკისტანის მხარდაჭერის გარეშე თალიბების რეჟიმი ერთ წელსაც ვერ გაძლებდა.

მასუდმა მსოფლიოს ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა სთხოვა და ამერიკის შეერთებული შტაბები ალ-ქაიდასგან მომავალის საფრთხეზე გააფრთხილა -  ის ამბობდა, რომ მისი დაზვერვის ინფორმაციით ავღანეთში მასშტაბური ტერაქტები იგეგმებოდა, რომლის მთავარი სამიზნეც ამერიკის შეერთებული შტატებია. 

პარალელურად თალიბანის მიერ მიტაცებულ ავღანეთში ფართო ტერორისტული ქსელი მოაწყო ოსამა ბინ ლადენმა, რომელსაც უკვე შეეძლო პირდაპირი შეტევები დაეგეგმა ამერიკულ ობიექტებზე სხვადასხვა კონტინენტზე. ბინ ლადენმა სწორედ ავღანეთიდან დააორგანიზა თავდასხმები აშშ-ის საელჩოებზე ნაირობისა და დერ-ეს სალამში. ტერაქტებს 244 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროიდან მოყოლებული თალიბები აღარ წარმოადგენდნენ მხოლოდ ავღანელების პრობლემას - მათი მმართველობა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევად იქცა.

ნადირობა ლომზე 

თავისი ცხოვრების განმავლობაში აჰმად შაჰ მასუდი ათეულობით პერსონალურ თავდასხმას გადაურჩა - სხვადასხვა დროს მასზე ნადირობდა საბჭოთა КГБ, პაკისტანური ISI, თალიბანი და ალ-ქაიდა. პირველი პერსონალური თავდასხმა შაჰ მასუდზე გულბუდინ ჰეკმატიარმა მაშინ დააორგანიზა, როდესაც მასუდი 22 წლის იყო. 2001 წლის დასაწყისში მასუდის ძალებმა შეიპყრეს ალ-ქაიდას დაქირავებული მკვლელები, რომლებიც მასუდის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. 

შაჰ მასუდზე ნადირობის სეზონი პიკში 2001 წელს შევიდა, როდესაც იგი ახალი მასშტაბური პოლიტიკური და სამხედრო კამპანიას იწყებდა. შაჰ მასუდი არამხოლოდ თალიბების, არამედ ოსამა ბინ ლადენის მთავარი სამიზნეც გახდა. 2001 წლის აგვისტოში აბდულ რასულ საიაფის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მასუდის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა ორი ჟურნალისტი, რომლებმაც თავი ბელგიური ტელევიზიის თანამშრომლებად წარმოადგინეს და მასუდთან ინტერვიუ ითხოვეს. 

ჟურნალისტებმა წარმოადგინეს ბელგიის ყალბი პასპორტებიც, რომლებიც კარიმ ტუზანისა და კასემ ბაკალის სახელზე იყო გაცემული. ალ-ქაიდას ტერორისტებს მასუდი ადგილზე არ დახვდათ, თუმცა მათ უთხრეს, რომ მომდევნო კვირებში მასუდი თავის მთავარ შტაბში, ხოჯაბაჰაუდინში ჩავიდოდა. ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ისინი მზად იყვნენ დალოდებოდნენ მასუდს. 

ტერორისტები მასუდს სამი კვირის განმავლობაში ელოდნენ და საბოლოოდ 2001 წლის 9 სექტემბერს მასუდი მათ ინტერვიუზე დათანხმდა. ოთახში შესვლამდე "ჟურნალისტები" დაცვას არ გაუჩხრეკია - ეს მასუდის მითითებით აკრძალული იყო, ის მიიჩნევდა, რომ ჩხრეკა ჟურნალისტებისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

ჟურნალისტები მასუდთან ერთად ინტერვიუს ჩასაწერად ოთახში შევიდნენ, სანამ ისინი აპარატურას აწყობდნენ მასუდმა მათ თხოვა ის საკითხები ჩამოეთვალათ, რაზეც საუბარი სურდათ. აპარატურის აწყობა ჩვეულებრივზე დიდ ხანს გაგრძელდა, მას შემდეგ, რაც ოპერატორებმა კამერა დააყენეს, ჟურნალისტმა მასუდს კითხა - რას იზამდა მასუდი თუ მას ოსამა ბინ ლადენი მიაგნებდა. რამდენიმე წამში დამანგრეველი აფეთქების ხმა გაისმა - ტერორისტმა ქამარზე დამაგრებული დეტონატორის მეშვეობით კამერაში ჩამონტაჟებული ასაფექებელი მოწყობილობა აამოქმედა. 

მძიმედ დაჭრილი მასუდი ვერტმფრენში, ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის გზაზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ტერორისტი ადგილზე დაიღუპა, გარდაიცვალა ჩრდილოური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ასიმ სუჰაილიც, მეორე ტერორისტი აფეთქებას გადაურჩა, თუმცა გაქცევის მცდელობისას მასუდის მებრძოლებმა ადგილზევე მოკლეს. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კამერა რომელშიც ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული რამდენიმე თვით ადრე საფრანგეთში იყო მოპარული. ოსამა ბინ ლადენს მასუდის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა სწორედ მისმა მებრძოლებმა გადასცეს ერთ-ერთი ტერორისტის ვიდეო ფირი მის ქვრივს. ქვრივმა ვიდეო კასეტასთან ერთად ბინ ლადენისგან 500 დოლარიც მიიღო, რომლითაც თავისი დაღუპული ქმრის ვალი უნდა გაესტუმრებინა. 

შაჰ მასუდის გარდაცვალების შესახებ ხმები რამდენიმე საათში გავრცელდა, თუმცა ჩრდიულოურ ალიანსში აცხადებდნენ, რომ მასუდი დაჭრილი იყო მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ალიანსში ფიქრობდნენ, რომ მასუდის გარდაცვალების დადასტურება ჩრდილოეთში არეულობას გამოიწვევდა, რასაც თალიბანი შეტევისთვის გამოიყენებდა. მასუდის გარდაცვალება ჩრდილოურმა ალიანსმა მხოლოდ 14 სექტემბერს დაადასტურა.

სავარაუდოა, რომ ბინ ლადენმა მასუდი თავის მფარველების საამებლად მოკლა, რათა მათგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. მასუდის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოს 11 სექტემბრის ტერაქტებმა შეძრა, რასაც ამავე წლის ოქტომბერში ავღანეთის გათავისუფლების სპეცოპერაცია მოჰყვა.

ფანჯშირი - იმედის კუნძული

აშშ-ის ინტერვენციის წლებში, ავღანეთის ახალმა მთავრობამ აჰმად შაჰ მასუდს ავღანეთის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და მისი გარდაცვალების დღე ავღანეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ წლების განმავლობაში აჰმად შაჰ მასუდი ახალი ავღანეთის ერთ-ერთ მთავარ გმირად და გამაერთიანებელ ფიგურად იქცა. 

ქაბულის დაცემის შემდეგ, მთელი მსოფლიოს ყურადღება მისი ვაჟის განცხადებებმა მიიპყრო, რომელმაც თალიბანთან ბრძოლის მზაობა და ამ საქმეში დასავლეთის მხარდაჭერა ითხოვა. გასული ათწლეულების მსგავსად ფანჯშირი დღესაც ავღანეთის ერთადერთი თავისუფალი პროვინციაა. აქ უკვე იპოვა თავშესაფარი იმ ათასობით ავღანელმა, რომლებიც თალიბანის მმართველობას გაურბიან. 

უმცროსი მასუდის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი ყოველდღიურად იზრდება, ამ წუთის მდგომარეობით სწორედ ფანჯშირში თავმოყრილი ყველა ის პოლიტიკოსი თუ მებრძოლი, რომლებიც ავღანეთიდან არ გაქცეულან. ამავდროულად უმცროსი მასუდი ამბობს, რომ იგი მზადაა გააგრძელოს მამის გზა და ებრძოლოს თალიბანს, თუმცა ამავდროულად მზაობას გამოთქვამს მოლაპარაკებებისთვისაც. 

უმცროსი მასუდი მამის დაკრძალვაზე

ჯერჯერობით თალიბების რეჟიმისთვის ფანჯშირი პრიორიტეტული არ არის და მოსალოდნელია, რომ ისინი საწყის პერიოდში დანარჩენ ავღანეთში თავისი რეჟიმის გამყარებას შეეცდებიან. ამავდროულად თვალსაჩინოა დისპროპორცია ძალებს შორის - მასუდის განკარგულებაში ამ დრომდე სულ 9 ათასი მებრძოლია, მაშინ როდესაც თალიბანის შეიარაღებული ძალების რიცხვი 100 ათასს აღემატება. 

ამ მოცემულობაში უმცროს მასუდს თალიბების დამარცხების შანსი არ აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე მათი მთავარი პრიორიტეტი პირველ რიგში ფანჯშირის მოსახლეობის დაცვაა. ამავდროულად ისინი ამბობენ, რომ მზად არიან ბრძოლისთვის, თუმცა სისხლისღვრას მოლაპარაკებები ურჩევნიათ. თავისთავან ძალთა ასეთი დისპროპორციის პირობებში მოსალოდნელია, რომ თალიბანს უმცროს მასუდთან მოლაპარაკების მადაზე არ იქნება. 

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ უმცროს მასუდს თალიბანის დამარცხების შანსი არ აქვს, ნაკლებია იმის ალბათობაც, რომ ის მძლავრი ჩრდილოური ალიანსის გაცოცხლებას შეძლებს. ამ ყველაფრის მიუხედავად ფანჯშირი ჩაბნელებული ავღანეთის გადარჩენის ერთადერთი შანსია. 

 

მსგავსი სიახლეები