პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთმა უარი თქვა უკრაინისთვის ავიაგამანადგურებელ MiG-29-ების გადაცემაზე, რადგან კიევმა არ შეასრულა შეთანხმების თავისი ნაწილი და არ გაუზიარა ბრძოლის ველზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამოცდილება.
ვითარების არსი: კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ ქვეყანებს შორის არსებობდა შეთანხმება: უკრაინა აზიარებს დრონების გამოყენების გამოცდილებას, ხოლო პოლონეთი საპასუხოდ გადასცემს გამანადგურებლებს.
- მისი თქმით, ეს სიმბოლური, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ჟესტი იყო, თუმცა კიევმა, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა პირობებს, შემდგომში ამაზე უარი თქვა.
- "უკრაინისთვის MiG-ები არ იქნება, რადგან პოლონეთისთვის არ არის დრონები - ან, უფრო ზუსტად, შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში," - განმარტა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
სტრიქონებს შორის: ამავე ინტერვიუში ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კომენტარი გააკეთა სკანდალზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის "უკრაინის აჯანყებულთა არმიის" სახელის მინიჭებას უკავშირდება.
- მან კიევი გააფრთხილა, რომ უკრაინა "ბანდერასთან ერთად ევროკავშირში ვერ შევა."
- "ეროვნულ გმირთა პანთეონში ვერ შევიყვანთ მათ, ვინც ანგრევს ევროპულ თანამშრომლობას. ბანდერასთან ერთად უკრაინა ევროკავშირში ვერ შევა," - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
- ვარშავასა და კიევს შორის ურთიერთობები მაისში დაიძაბა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს საპატიო სახელწოდება "უკრაინის აჯანყებულთა არმიის გმირები" მიანიჭა.
- ეს გადაწყვეტილება პოლონეთში პოლიტიკოსების აღშფოთების მიზეზი გახდა, რადგან "უკრაინის აჯანყებულთა არმიის" მებრძოლები 1943-1944 წლების ვოლინის ჟლეტაში მონაწილეობდნენ.
დიდი სურათი: ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი აცხადებდა, რომ პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ცხრამდე MiG-29-ის გადაცემის შესახებ, თუმცა ტექნიკური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
- თუმცა, 15 ივნისს მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა, ოფიციალურად გამოაცხადა თვითმფრინავების გადაცემის შეჩერების შესახებ, ვინაიდან უკრაინამ არ ისურვა დრონების წარმოების ტექნოლოგიებსა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებზე წვდომის უზრუნველყოფა.
- პოლონეთის გენერალური შტაბი 2025 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ მხარეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს 6-8 ერთეული MiG-29-ის გადაცემაზე, რომელთა ჩამოწერაც იგეგმებოდა.