1 სექტემბრიდან უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ახალ სტილზე "მიმდინარე აღდგომის დაცვით", 1 სექტემბრიდან გადადის.

ამის შესახებ 6 თებერვალს Facebook-ზე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავმა (შევჩუკმა) განაცხადა.

შესაბამისი ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდის 93-ე სხდომაზე მიიღეს.

"უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ლიტურგიული კალენდრის გადაუდებელი რეფორმირების აუცილებლობის შესახებ მორწმუნეთა მრავალი თხოვნის გათვალისწინებით და ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებთან, მონასტრებთან წინასწარი კონსულტაციების გავლით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინა ახალ სტილზე (ინდიქტის დასაწყისი) გადადის." - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ამავდროულად, სამრევლოებისთვის ან ცალკეული თემებისთვის, რომლებიც "ჯერ არ არიან მზად ასეთი ნაბიჯისთვის (ეპარქიის ეპისკოპოსის განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევით)", უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა "დაეტოვებინა ლიტურგიული ცხოვრების შესაძლებლობა იულიუსის კალენდრის მიხედვით, 2025 წლამდე."

კონტექსტი

2015 წლის აღწერის თანახმად, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები უკრაინის მთელი მოსახლეობის 8.1% არიან და მათი უმრავლესობა დასავლეთ უკრაინის 3 ოლქში ცხოვრობს: ლვივის ოლქი - მოსახლეობის 59%; ივანო-ფრანკივსკის ოლქი - 57% და ტერნოპოლის ოლქი - 52%.

მსგავსი სიახლეები