11 ოქტომბერს პუტინი თურქმენეთში ირანის პრეზიდენტს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 11 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადს ეწვევა საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა ორშაბათს განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება პუტინსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის ორმხრივი შეხვედრის შესახებ.
პეზეშკიანი აპირებს დაესწროს BRICS-ის სამიტს ყაზანში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. ამ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთანაც.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ რუსეთმა და ირანმა შესაძლოა ხელი მოაწერონ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას - ამ დოკუმენტის ტექსტი უკვე მომზადებულია, თუმცა დეტალები უცნობია. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის წელს გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც მსგავსი სახელი აქვს, ითვალისწინებს, რომ ქვეყნებმა სამხედრო დახმარება გაუწიონ ერთმანეთს მათ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.
უშაკოვს არ უთქვამს, რატომ არის საჭირო პუტინსა და ირანის პრეზიდენტს შორის მორიგი შეხვედრა ორ კვირაში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს "ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გაუარესებული სიტუაციის განსახილველად."
ირანი ცოტა ხნის წინ მეორედ დაესხა თავს ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით. ამავდროულად ისრაელი გააქტიურდა ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
აშშ-ის ცნობით, ირანმა ახლახან რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
გარდა ამისა, უშაკოვმა ТАСС-ს განუცხადა, რომ პუტინი არ გეგმავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას.
ფორუმს, რომელიც ოფიციალურად ნეიტრალური თურქმენეთის დედაქალაქში 11 ოქტომბერს ჩატარდება, ეწოდება "დროებისა და ცივილიზაციების ურთიერთობა - მშვიდობისა და განვითარების საფუძველი." იგი ეძღვნება თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის, მაგთიმგული ფრაგის დაბადებიდან 300 წლისთავს. თურქმენეთის ხელისუფლების განცხადებით, ღონისძიებას, სავარაუდოდ, 10-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური დაესწრება.