15 წლის შემდეგ, ტიმ კუკი APPLE-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს

20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ, ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს.

დეტალები: ტიმ კუკს თანამდებობაზე ჯონ ტერნუსი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად კომპანიაში აპარატული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. იგი მოვალეობის შესრულებას 1 სექტემბრიდან დაიწყებს, ტიმ კუკი კი დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

  • "უდიდესი პატივი იყო Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნა და ამ არაჩვეულებრივი კომპანიის მართვისთვის გამოცხადებული ნდობის მიღება." - წერს ტიმ კუკი ოფიციალურ განცხადებაში.

  • "სავსე ვარ ოპტიმიზმით იმის მიმართ, რისი მიღწევაც მომავალ წლებში შეგვიძლია. ბედნიერი ვარ იმის გაცნობიერებით, რომ დედამიწის ყველაზე ნიჭიერი ადამიანები სწორედ აქ, Apple-ში მუშაობენ და ისინი მზად არიან, გახდნენ იმაზე დიდის ნაწილი, ვიდრე თითოეული ჩვენგანია." - წერს ჯონ ტერნუსი იმავე განცხადებაში.

ვითარების არსი: ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობიდან გადადგა.

  • ტიმ კუკის ხელმძღვანელობით Apple მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცა. 2018 წელს Apple გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, დღეს კი მისი ფასი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები