2 წლის განმავლობაში ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მესამე პრეზიდენტი გადააყენა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯემ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის კიდევ ერთი პრეზიდენტი გადააყენა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე ხელმძღვანელია, რომლის თანამდებობაც ერდოღანთან უთანხმოებას შეეწირა. 

თურქეთის ცენტრალური ბანკს ბოლო ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნაჯიბ აგბალი ხელმძღვანელობდა. ერდოღანმა აგბალი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც 19 მარტს ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო მონეტარული განაკვეთი 2%-ით, 17%-დან 19%-მდე გაზარდა. საბაზისო განაკვეთის გაზრდის შემდეგ, თურქეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ინფლაციის გაკონტროლება გახდება შესაძლებელი. ბოლო მონაცემებით თურქეთში ინფლაციამ 15% შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

საბაზისო განაკვეთის გაზრდით ცენტრალური ბანკი და მისი ხელმძღვანელი ღიად დაუპირისპირდა ერდოღანს, რომელიც უკვე წლებია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს იწვევს ინფლაციას. ცნობილია, რომ ერდოღანი უკვე წლებია ახორცილებს წნეხს ცენტრალურ ბანკზე, იმ მიზნით, რომ არ გამკაცრდეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. 

ნაჯიბ აგბალის პოსტზე ერდოღანმა საბანკო საქმის პროფესორი, ჰასაფ კავჩიოღლუ დანიშნა. კავჩიოღლუ პროსახელისუფლება გაზეთის Yeni Safak-ის ეკონომიკური მიმომხილველია. თავის სვეტში კავჩიოღლუმ გააკრიტიკა ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციას, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ინფლაციის ზრდას. 

უნდა ითქვას, რომ ერდოღანის და კავჩიოღლუს პოზიცია ეწინააღმდეგება მსოფლიოს ცენტრალური ბანკებისა და წამყვანი ეკონომისტების აზრს. ცნობილია, რომ მონეტარული  პოლიტიკის გამკაცრება ხელს უწყობს ინფლაციის შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნებას და გაკონტროლებას. 

ამგვარად ჰასაფ კავჩიოღლუ ბოლო 2 წელიწადში ცენტრალური ბანკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდება. 2019 წლის ივლისში ერდოღანმა ამ პოსტიდან მურატ ჩეთინკაი გადააყენა. მაშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ რამდენიმე შეხვედრაზე ჩეთინკაის მოუწოდებდა საპროცენტო განაკვეთის შემცირებისკენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ამისთვის არაფერი გააკეთა. 

ჩეთინკაის გათავისუფლების შემდეგ, ბანკის პრეზიდენტად მურატ უისალი დაინიშნა, რომელმაც საბაზისო განაკვეთის შემცირებების სერია წამოიწყო. საბაზისო განაკვეთების შემცირებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის სტიმულირებას და დაკრედიტებას პანდემიის პერიოდში, თუმცა, ასევე, გაზარდა წნეხი ინფლაციაზე.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე უისალმა არ გამორიცხა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. სწორედ ეს გახდა მისი გადაყენების მიზეზი, უისალი თანამდებობიდან გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები