2-კვირიანი გაუჩინარება - აშშ-ს ცნობით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი დაკავებულია

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც საჯაროდ 2 კვირაა არ გამოჩენილა თანამდებობიდან გადააყენეს და მის წინააღმდეგ ძიება მიმდინარეობს. 

ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

გაზეთის წყაროები არ აკონკრეტებენ თუ რა დამატებითი გარემოებების საფუძველზე გამოიტანეს თეთრ სახლში დასკვნა, რომ ლი შანგფუ დაკავებულია. თეთრ სახლი და ჩინეთის საელჩო ვაშინგტონში კომენტარისგან თავს იკავებენ. 

ლი შანგფუს გადაყენების და დაკავების ეჭვებს ამყარებს პროცესები, რომელიც ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარდა. ასე მაგალითად, პირველ აგვისტოს სი ძინფინგმა ყველასთვის მოულოდნელად გაათავისუფლა ბირთვული ძალების მეთაურები. 

ლი შანგფუს გაუჩინარება სულ უფრო ემსგავსება ცინ განგის საგას - ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის ოფიციალურ განცხადებამდე თითქმის 1 თვის განმავლობაში არსად ჩანდა. განგის გაუჩინარებიდან 1 თვის შემდეგ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უწყებას კვლავ ვან ი უხელმძღვანელებდა. 

გასულ კვირას Reuters ვიეტნამის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ლი შანგფუმ მასთან შეხვედრა გამოტოვა, მიზეზად კი ჯანმრთელობის პრობლემების დაუსახელეს. 

სწორედ ჯანმრთელობის პრობლემებით ხსნიდა ცინ განგის გაუჩინარებას მისი უწყება რამდენიმე კვირის განმავლობაში. 

კონტექსტი 

2018 წელს რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვის გამო, ვაშინგტონმა ლი შანგფუს სანქციები დაუწესა - შანგფუ მაშინ ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმიის შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

შანგფუსთვის დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ - სწორედ ამ მიზეზით ჩინეთი უკვე თითქმის 9 თვეა უარს ეუბნება ამერიკულ მხარეს თავდაცვის მინისტრების შესვედრის ორგანიზებაზე. 

ჩინეთის მკვლევრების ცნობით, მაღალი ალბათობით ლი შანგფუს გაუჩინარება კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. არმიის შესყიდვების დეპარტამენტი ჩინეთის თავდაცვის უწყებაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და კორუფციულ განყოფილებად მიიჩნეოდა. 

"არ ვფიქრობ, რომ მომხდარი ეჭვქვეშ აყენებს სის მიერ არმიის კონტროლს, მაგრამ ამან კიდევ უნდა შეგვახსენოს თუ რამდენად მოდებულია კორუფცია სისტემას"- ამბობს მარშალის ფონდის სინოლოგი, ბონი გლასიერი. 

 

მსგავსი სიახლეები