2016 წლის პუტჩი - თურქეთში 22 ყოფილ სამხედროს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

გუშინ, 7 აპრილს, ანკარის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის 22 ყოფილ ოფიცერს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი სამხედროები სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან. წინა დღეებში თურქეთში დააპატიმრეს 10 გადამდგარი ადმირალი, რომელთაც რეჯეფ თაიპ ერდოღანის მიერ ინიცირებული ახალი საზღვაო არხის მშენებლობის გეგმები გააკრიტიკეს. 

გამოცემა Anadolu-ს და France Press-ის ინფორმაციით, სწორედ ეს ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ ტელევიზიების დაკავებას და სწორედ მათ აიძულეს ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში წაეკითხათ პუტჩისტების მიმართვა. 

გუშინ გამოტანილი განაჩენი იმ უზარმაზარი სასამართლო საქმის ერთი ნაწილია, რომლის ფარგლებში განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა 497 ყოფილი სამხედრო - მათ შორის არიან ოფიცრები და რიგითები საპრეზიდენტო გვარდიიდან. ამბოხებული სამხედროების დიდი ნაწილი უკვე გასამართლებულია. გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეპრესიების მსხვერპლი გახდა ათასობით თურქი, მათ შორის უვადო პატიმრობა მიესაჯა 2 500-მეტ პირს, თანამდებობიდან გადააყენეს 100 000-ზე მეტი საჯარო მოხელე. 

რეჯეფ თაიპ ერდოღანი ამბოხების ორგანიზატორად აშშ-ში მცხოვრებ ისლამისტ თეოლოგს, ფეთჰულა გიულენს ასახელებს. თურქეთის ხელისუფლება უკვე წლებია დევნის გიულენის მიმდევრებს. ერდოღანის განვითარებისა და სამართლიანობის პარტიისა და სამხედროების ბრძოლა ამ საქმის მიღმაც დღემდე გრძელდება. ორშაბათს, 5 აპრილს, თურქეთში დააპიტმრეს 10 გადამდგარი ადმირალი, რომლებიც შავ და მარმარილოს ზღვას შორის არხის გაყვანის წინააღმდეგ მიმართული ღია წერილის ხელმომწერები იყვნენ. 

ერდოღანის პრესსპიკერმა ყოფილი სამხედროების მიმართვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს წერილი ამბოხების დროს ახსენებს და თურქი ხალხი და მათი წარმომადგენლები არ დაუშვებენ ამ მენტალიტეტის შენარჩუნებას სამხედროებში. ახალი საზღვაო არხის წინააღმდეგ განწყობილი სამხედროების აზრით, მთავარი პრობლემა ის იქნება, რომ ამ არხს მონტროს კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეეხება. 

თურქეთის ხელისუფლების თქმით, ახალი 45 კილომეტრიანი საზღვაო არხი, სტამბოლის სამხრეთში განტვირთავს მოძრაობას ბოსფორის სრუტეში. რეჯეფ თაიპ ერდოღანის თქმით, ახალი არხის მშენებლობა თურქეთს 9 მილიარდი დოლარი დაუჯდება და ტენდერი მის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები