6 წარუმატებელი მცდელობა - რესპუბლიკელებმა ლიდერი კვლავ ვერ აირჩიეს

რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობამ ქვედა პალატაში კვლავ ვერ შეძლო უმრავლესობის ლიდერის არჩევა - მთავარი კანდიდატის, კევინ მაკარტის წინააღმდეგ 20 თანაპარტიელი გამოდის. 

ლიდერის არჩევის პროცესი კონგრესში 3 იანვარს დაიწყო, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო აუცილებელი 218 ხმის მოპოვება. 

ვითარება ვერც დონალდ ტრამპის ჩარევამ გამოასწორა - ტრამპმა თავის მომხრე თანაპარტიელებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ კევინ მაკარტის ირგვლივ და დამტკბარიყვნენ გამარჯვებით. 

ტრამპის მოწოდების მიუხედავად ვითარება უცვლელი დარჩა - მაკარტის წინააღმდეგ კვლავ 20 რესპუბლიკელია, მათ შორის არიან დონალდ ტრამპის ლოიალისტები, ლორენ ბობერტი და ბობ გაეტსი. 

ჟურნალისტებთან საუბარში ბობერტმა განაცხადა - "დროა პრეზიდენტმა ბატონ მაკარტის უთხრას, რომ ეს მას არ აქვს საკმარისი ხმები და დროა თავისი კანდიდატურა მოხსნას". 

თავის მხრივ მაკარტი ამ დრომდე უარს ამბობს კანდიდატურის მოხსნაზე, ვითარებას ართულებს ისიც, რომ ჯერჯერობით არ ჩანს კანდიდატი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის შიგნით დაპირისპირებული ფრაქციების გაერთიანებას შეძლებდა. 

ბევრი დამკვირვებლის აზრით მხარდაჭერთა კონსოლიდაციის შანსი მაკარტის მოადგილეს, სტივენ სკალისის აქვს. 

შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს უხერხულობა უწოდა, "ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და იმედი მაქვს, რომ რესპუბლიკელები შეძლებენ ერთიანად მოქმედებას". 

მაკარტის ოპონენტები სხვადასხვა ფრაქციას განეკუთვნებიან, მათ შორის არიან ტრამპის ლოიალისტები და ულტრა-კონსერვატორად მიჩნეული რესპუბლიკელები, რომლებიც უნდობლობის გამოცხადების წესებში ცვლილებებს ითხოვენ. 

არაერთი კომენტატორის აზრით, კონგრესში განვითარებული მოვლენები, რესპუბლიკური პარტიაში შექმნილ რთულ ვითარებას ასახავს, რომელსაც ზოგიერთი მათგანი პარტიის შიგნით სამოქალაქო ომადაც მოიხსენიებს. 

ბევრმა რესპუბლიკელმა შუალედურ არჩევნებში განცდილი მარცხის დონალდ ტრამპის ფაქტორი და მის მიერ წარუმატებლად შერჩეული კანდიდატები დაასახელა. 

თავის მხრივ ტრამპმა კონგრესში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება პერსონალურ მიღწევად გამოაცხადა და 2024 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 

დონალდ ტრამპსა და კევინ მაკარტის არაერთგვაროვანი ურთიერთობები აკავშირებთ - წლების განმავლობაში მაკარტი ტრამპთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ კონგრესმენად მიიჩნეოდა. მათ შორის ურთიერთობები მცირე ხნით დაიძაბა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის შემდეგ. 

მაშინ მაკარტიმ განაცხადა, რომ მომხდარი მიუღებელი იყო და ტრამპის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში მაკარტი ტრამპს ფლორიდაში, მარა ლაგოს რეზიდენციაში ესტუმრა, რის შემდეგაც ისინი კვლავ მოკავშირეებად დარჩნენ. 

კონტექსტი

გასულ ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ 33 შტატის სენატორი და ქვედა პალატის 435 კონგრესმენი აირჩია. 

არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა დაკარგა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ახალი სპიკერის არჩევა. ეს არის პირველი შემთხვევა 1923 წლის შემდეგ, როდესაც უმრავლესობაში მყოფ პარტიას სპიკერის ასარჩევად ერთ კენჭისყრაზე მეტი დასჭირდა.  

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, კონგრესი ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, სანამ ახალ სპიკერს არ აირჩევენ. წესების მიხედვით კენჭისყრა იქამდე გაგრძელდება, სანამ ახალ ლიდერს არ აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები