$800 მილიონი - აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დააანონსებს
უახლოეს დღეებში ჯო ბაიდენი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომლის მოცულობაც 800 მილიონი დოლარი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით ამ პაკეტის გამოყოფისთვის ჯო ბაიდენი პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებას გამოიყენებს, რომელიც მას აშშ-ს საკუთრებაში არსებული "ჭარბი შეიარაღების" მოკავშირეებისთვის გადაცემის საშუალებას აძლევს.
გამოცემის მასალაში არ არის დაზუსტებული თუ რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი.
სამხედრო დახმარების წინა პაკეტი ვაშინგტონმა 8 აგვისტოს გამოაცხადა, მაშინ პაკეტის მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა და მასში შედიოდა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები HIMARS, ასევე საბრძოლო მასალა NASAMS-ის ტიპის საზენიტო დანადგარებისთვის, M113 მოდელის დაჯავშნული სამედიცინო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება და ასევე ანტი-სატანკო Javelin.
ამგვარად, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 9.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით აშშ-ს მსოფლიოს უპირობო ლიდერია.
ჯამურად აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ყველა სახის დახმარება მიმდინარე წელს 25 მილიარდ დოლარს აჭარბებს.