ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

2022 წლის მაჩვენებლებით ჩინეთის მოსახლეობა შემცირდა, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა. 

ამის შესახებ, ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშშია ნათქვამი. 

2022 წლის მიწურულისთვის, სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობამ 1,41 მილიარდი შეადგინა, რაც 850 000-ით ჩამორჩება, გასული წლის მაჩვენებლებს.

2021 წელს, ქვეყანაში 9.5 მილიონი ადამიანი დაიბადა, ხოლო 10.4 მილიონი გარდაიცვალა. 

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში 722 მილიონი კაცი და 689 მილიონი ქალი ცხოვრობს. რაც შეეხება შრომისუნარიან მოსახლეობას, მათი რიცხვი 875 მილიონით განისაზღვრა, რაც სრული მოსახლეობის 62%-ია. ამ კატეგორიაში შედიან 16-დან 59 წლამდე ადამიანები. 

მოსახლეობის კლების ფონზე, გასულ წელს, კვლავ გაიზარდა ურბანიზაცია. 2021 წელს, ჩინეთის ქალაქებში 920 მილიონი მოქალაქე ცხოვრობდა, რაც 2020 წლის მაჩ ვენებელს 6.4 მილიონით აღემატება.

სოფლად მაცხოვრებელი მოქალაქეების რიცხვი, 491 მილიონს შეადგენს. 

კონტექსტი

2012 წლიდან მოყოლებული, ჩინეთი ცდილობს ერთი ბავშვის პოლიტიკით გამოწვეულ დემოგრაფიულ დაღმასვლას გაუმკლავდეს - ეს პოლიტიკა გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაინერგა და შობადობის შემცირებას ისახავდა მიზნად. 

გაეროს ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთისას პირველად გადაასწრებს. 

ჩინეთისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა კორონავირუსის პანდემია - გასული 3 წლის განმავლობაში, სი ძინფინგის მიერ ინიცირებული ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა თავდაპირველად უფრო ეფექტური ჩანდა, თუმცა საბოლოოდ, საპირისპირო შედეგი გამოიღო.  

ნოემბრის მიწურულს, ქვეყანაში, კორონავირუსის შეზღუდვების მიზეზით, სპონტანურმა პროტესტებმა იფეთქა, რასაც მალევე, შეზღუდვების გაუქმება მოჰყვა.

გასული წლის განმავლობაში, კორონავირუსით 250 მილიონი ჩინელი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ - 60 ათასს მიაღწია. 

 

მსგავსი სიახლეები