9 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტი კიევს ეწვევა

9 მაისს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ამ ინფრომაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კიევში ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"პრეზიდენტი უკრაინაში მიემგზავრება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი მხარდაჭერა ამ ქვეყნისადმი რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვისას. მისი ვიზიტის მთავარი საკითხი ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობაა", - განმარტა ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა ბრიფინგზე. 

მან აღნიშნა, რომ ვიზიტი მიეძღვნება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ყველა ასპექტს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

უსაფრთხოების მიზნით, ბრიუსელი ფონ დერ ლაიენის ვიზიტის დეტალებს არ ასაჯაროებს.  

გარდა ამისა, ევროკომისია მიესალმა ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისი უკრაინაში ევროპის დღე იქნება.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას შესთავაზა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს, ხოლო 9 მაისს არა გამარჯვების, არამედ ევროპის დღე იყოს. შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადას პრეზიდენტმა უკვე წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები