ახალი ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტს 18 ივლისს აირჩევს - Politico
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 18 ივლისს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ Politico-ს ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის კენჭისყრის თარიღი ევროპარლამენტის გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ პარასკევს, წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოაცხადა.
Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ განუმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ სავარაუდო თარიღი 18 ივლისია, ევროპარლამენტის თავმჯდომარის არჩევიდან ორი დღის შემდეგ.
ბოლო კვირებში მიმდინარეობდა მსჯელობა იმის შესახებ, შეეცდებოდა თუ არა ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევას ივლისის პირველ შეხვედრაზე, თუ სექტემბერს დაელოდებოდა.
ამ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა ჯერ ევროკავშირის ლიდერების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს და შემდეგ ევროპარლამენტის 720 წევრიდან მინიმუმ 361-ის ხმა მოიპოვოს.
ევროკავშირის ლიდერები კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს სხდომაზე, 27-28 ივნისს მიიღებენ. შემდეგ დისკუსია ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებზე გადავა, რომელიც 11 ივლისს დასრულდება.
ამავდროულად, ევროკომისიის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი ხმები მეორედ ამ თანამდებობის დასაკავებლად, რადგან ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობაში მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობა შესაძლოა ნაკლები იყოს.
თუმცა, ამ თანამდებობის დაკავების აშკარა ფავორიტად ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელი რჩება, რადგან ის "ევროპის სახალხო პარტიის" კანდიდატია, რომელიც არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს.
კონტექსტი
6-9 ივნისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 370 მილიონი მოქალაქე ევროპარლამენტს აირჩევს.
31 მაისს, Europe Elects-ისა და Euractiv-ის მიერ გამოქვეყნებული ერთობილი კვლევის თანახმად, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ასე გადანაწილდება: ევროპის სახალხო პარტია - 180 მანდატი, სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი - 138 მანდატი, ლიბერალური “განახლებული ევროპა” - 86 მანდატი, ულტრამემარჯვენე “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” - 75 მანდატი, ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური გაერთიანება “იდენტობა და დემოკრატია” - 68 მანდატი (მათ გერმანული AfD-ს გარიცხვის გამო, 16 მანდატი დაკარგეს), “მწვანეები / თავისუფალი ევროპის ალიანსი” - 56 მანდატი და მემარცხენეების გაერთიანება - 39 მანდატი.
ის პარტიები, რომლებიც არცერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრები არ არიან, ჯამში 76 ევროპარლამენტარით იქნებიან წარმოდგენილი.
კვლევის თანახმად, “ევროპის სახალხო პარტია,” ლიბერალური “განახლებული ევროპა” და “სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი” ჯამში 404 მანდატს იღებენ, რაც უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად სრულიად საკმარისი რაოდენობაა, თუმცა განსხვავებული იდეოლოგიის პარტიებს შორის მოლაპრაკებები მარტივი არ იქნება.