ახალი პრობლემა რუსეთისა და ირანისთვის და ასადის კატასტროფა - რა ხდება სირიაში
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოს სწრაფი დაკარგვა, ასადის რეჟიმის მოულოდნელი და გამაოგნებელი მარცხია, რომელიც მისი მთავარი მოკავშირეების დასუსტების შედეგია.
ალეპოზე კონტროლის დასაბრუნებლად ბაშარ ასადის ძალებს, ჰეზბოლასა და რუსეთის არმიას 4 წელზე მეტი დასჭირდა, მაშინ ეს სირიის სამოქალაქო ომში გარდამტეხ მომენტად მიიჩნეოდა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში იდლიბში გამაგრებულმა ისლამისტმა აჯანყებულებმა სწრაფი და მოულოდნელი იერიშის შედეგად თითქმის სრულად დაიბრუნეს ალეპო, მათ შორის ქალაქის ის უბნები, რომლებსაც სამოქალაქო ომის წლებშიც კი ასადის არმია აკონტროლებდა. ეს იმ ომების შედეგია, რომლებიც გასულ წლებში სირიის საზღვრებს მიღმა დაიწყო.
"ეს ტექნოტინიკური ძვრაა. რეგიონალური და გლობალური მოთამაშეები წლების წინ მონაწილეობდნენ სირიაში განვითარებულ მოვლენებში, ახლა კი ალეპოში ვხედავთ უკრაინაში, ღაზაში და ლიბანში მიმდინარე ომის შედეგებს",- ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში ენდრიუ ტაბლერი, სირიის საკითხებზე დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი.
ლიბანური ჰეზბოლა, ვლადიმირ პუტინი და ირანის აიათოლების რეჟიმი ამ დროისთვის ჩართულები არიან დაპირისპირებაში, რომლებიც მათ არსებობას და ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს და ამ მოცემულებაში მათთვის სირია უკანა პლანზე რჩება.
გასულ წლებში სამივე მოთამაშემ სხვადასხვა ხარისხით სტრატეგიული მარცხი განიცადა, ხოლო სირიელი აჯანყებულების მთავარმა მხარდამჭერმა, თურქეთმა შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
"რუსეთი დასუსტებულია, ირანი დასუსტებულია, ჰეზბოლა დამარცხებულია - და ამ ყველაფერმა თურქეთს არანორმალური შესაძლებლობები მისცა"- ამბობს ასლი აიდინთაშბაში, Brookings-ის ინსტიტუტის თურქეთის მკვლევარი.
ექსპერტების შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად მოსალოდნელია, რომ თურქეთში ლტოლვილების ნაკადი შემცირდება, ხოლო ალეპოს ირგვლივ აჯანყებულების შემდგომმა წარმატებამ შესაძლოა თურქეთს სირიის მომავლის განსაზღვრაში დომინანტური როლი მისცეს.
სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი ისრაელზე ჰამასის ტერიტორისტული თავდასხმის შემდეგ მაქსიმალურად ცდილობდა არ გარეულიყო ახალ რეგიონულ დაპირისპირებაში. ბოლო თვეებში ასადმა სცადა სპარსეთის ყურის მონარქიებთან ურთიერთობების ნორმალიზებაც, რომლებიც ომის წლებში აჯანყებულების უმსხვილესი სპონსორები იყვნენ. ასადის მანევრირების მიუხედავად, სირია მაინც გაეხვა იმ პროცესებში, რომლებიც ამ დროისთვის განსაზღვარვს ახლო აღმოსავლეთის მომავალს.
"ნამდვილ სასწაულად" მონათლული ალეპოს დაკავება მოულოდნელი იყო არამხოლოდ ასადისთვის, არამედ თავად აჯანყებულებისთვისაც. იერიშის პირველ დღეეეში მიღწეული წინსვლა და წარმატება აჯანყებულებს ველურ ფანტაზიებშიც ვერ წარმოედგინათ.
რეჟიმის ძალების კოლაფსისა და გაქცევის შემდეგ, აჯანყებულებმა წამოიწყეს შეტევები სხვა მიმართულებებითაც. მომდევნო დღეებში გამოჩნდება შეუძლია თუ არა სირიის არმიას გადაჯგუფება და კონტრიერიშზე გადასვლა, თუ გააგრძელებს ქაოტურ უკუსვლას სხვა ურბანული ცენტრებიდანაც.
კომენტატორების შეფასებით, სირიის არმიის ჩავარდნის მთავარი მიზეზი ისრაელის მიერ რუსული და ირანული შეიარაღებით აღჭურვილი ჰეზბოლას სტრატეგიული დასუსტებაა. ჰეზბოლა ასადის მხარეს მებრძოლი ყველაზე ეფექტური სახმელეთო დანაყოფი იყო, რომლებმაც სამოქალაქო ომის წლებში აჯანყებულების დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს.
მაგრამ, გასული წლის ოქტომბერში დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და ისრაელს ე.წ. ჰამასთან სოლიდარობის ფრონტი გაუხსნა. პარალელურად ჰეზბოლამ შეიარაღებისა და დანაყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი ლიბან-ისრაელის საზღვარზე გადაისროლა, იმ იმედით, რომ ისინი კარგად გათვლილ კამპანიაში ერთვებოდნენ, თუმცა დაჯგუფებამ განიცადა სხვა არაფერი, თუ არა სამხედრო კატასტროფა.
გასულ თვეებში ისრაელმა პრაქტიკულად სრულად გაანადგურა ჰეზბოლას უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად ნასრალაც. ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შედეგად ისრაელმა უკუაგდო ჰეზბოლა სასაზღვრო ზოლიდან და აიძულა ცეცხლის შეწყვეტის სეპარატული ხელშეკრულების გაფორმება.
"ჰეზბოლა ძალიან დასუსტებულია, ამან ვაკუუმი წარმოშვა, მიუხედავად იმისა, რომ ალეპოში რეჟიმის ძალები იდგნენ, ისინი არ იყვნენ გაწვრთნილები და დისციპლინირებულები, მათი გაქვევის გეგმაც კი კატასტროფული იყო",- ნავარ საბანი, ჰარმონის ცენტრის თანამედროვე კვლევების ცენტრის ექსპერტი.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე მაღალი რანგის გენერალი მოკლა. ხოლო პასუხად ისრაელზე განხორციელებული დემონსტრაციული სარაკეტო დარტყმები, ისრაელის ავიაციის მირ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებითა და პოლიტიკური პრესტიჟის შელახვით დასრულდა.
2015 წელს ასადის გადასარჩენად სირიის სამოქალაქო ომში ჩართვას რუსეთი უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომელმაც რეგიონში ამერიკის დომინაცია დაასრულა. შემდეგ იყო 2022 წლის 24 თებერვალი, რომელიც პუტინის მიერ დაგეგმილი სწრაფი გამარჯვების ნაცვლად, ხანგრძლივ და სისხლიან გამოფიტვის ომში გადაიზარდა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის დანაკარგები ცოცხალ ძალაში ნახევარ მილიონს აჭარბებს, გარდა ამისა, განადგურებულია ჯავშანტექნიკის პარკის ნახევარზე მეტი. კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერი, რომელიც სირიაში კრიტიკულ ფუნქცია ჰქონდა განადგურებულია, ხოლო დაჯგუფების ლიდერები, ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი 2023 წლის აჯანყებიდან 2 თვის შემდეგ ავიაკასტროფაში დაიღუპნენ.
რუსეთის ავიაციას, რომელმაც ასადის რეჟიმის გადარჩენაში პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი შეასრულა, არ განუცდია ისეთი მძიმე დანაკარგები, როგორც სახმელეთო ძალებს, თუმცა მათი რესურსების უდიდესი ნაწილი ამ დროისთვის უკრაინისკენაა მიმართული.
ORYX-ის მონაცემებით, ომის განმავლობაში განადგურებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 117 სამხედრო თვითმფრინავი და დაზიანებულია 15.
გასულ დღეებში რუსეთის ავიაციამ რამდენიმე დარტყმა მიიტანა აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა დარტყმების არეალი შეზღუდული იყო და ჯერჯერობით ვერ შეაჩერა იერიში. "რუსები ძალიან, ძალიან დაკავებულები არიან უკრაინაში და ეს მიმდინარე პროცესების დიდი ნაწილია. მადლობა ღმერთს უკრაინელებისთვის" - ამბობს მუაზ მუსტაფა სირიის დემოკრატიული ინიციატივის დირექტორი.
მიმდინარე იერიშს ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი (HTS) აწარმოებს - დაჯგუფება 2017 წელს "ჯაბჰატ ან-ნუსრასთან" გაერთიანების შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ "ჯაბჰატ ან-ნუსრა" თავდაპირველად სირიაში ალ-ქაიდას ფილიალი იყო, თუმცა 2016 წელს გამოეყო ორგანიზაციას. ალ-ქაიდასთან კავშირის გაწყვეტის მიუხედავად, HTS-ის კვლავ რჩება აშშ-სა და ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ექსპერტების შეფასებით, HTS-ის ბოევიკები კარგად აღჭურვილები და გაწვრთნილები არიან, მათ შორის წარმატებით იყენებენ დრონებს.
წარსული შეცდომების გამეორების გამოსარიცხად დაჯგუფების ლიდერმა, მოჰამად ალ-ჯულანიმ მებრძოლებს მოუწოდა არ შეავიწროვონ შიიტები ან სხვა რელიგიური უმცირესობები - "ალეპო ყოველთვის იყო და არის კულტურებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი."
კომენტატორების შეფასებით, აჯანყებულების მიერ იერიშის დრო კარგად შეირჩა და ის ლიბანში ჰებზოლასა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის გაფორმებას დაამთხვიეს.
"აჯანყებულები მზად იყვნენ და ჩემი აზრით თურქები მათ აკავებდნენ, მაგრამ ახლა ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა და უკვე აღარ არის აღქმა, რომ ალეპოზე შეტევით, ქვეყანა ისრაელს მტერს ებრძვის",- ამბობს სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, რობერტ ფორდი.
ალეპოში შესულმა აჯანყებულებმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საგანგებო მიმართვა გაავრცელეს - "სირიის რევოლუცია არასდროს ყოფილა მიმართული, რომელიმე ერის წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთის, ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილი."
ამ განცხადების მიუხედავად სოციალურ ქსელებში ვრცელდება ისლამისტების მიერ რუსი სამხედროების მკვლელობისა კადრები, ასევე რუსულ-ენოვანი ბოევიკების მიერ ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის პრტრეტების ჩამოხევის და დაწვის კადრები.