ახმეტოვი უკრაინის არმიის ყველაზე დიდი კერძო დონორია - The Washington Post
The Washington Post წერს, რომ უკრაინელმა ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა 24 თებერვლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაში და გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი კერძო დონორი.
"24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ახმეტოვმა თქვა, რომ არ დაუტოვებია უკრაინა და ცხოვრობს კიევში, სადაც ის 2014 წლიდან გადავიდა. ის ასევე გახდა უკრაინის ყველაზე დიდი კერძო დონორი ომის დროს. მან უზრუნველყო ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება - დრონებიდან საკვებამდე", - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახმეტოვმა, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის სხვა წარმომადგენლებმა, "ხმამაღლა და საჯაროდ გამოხატა თავისი პატრიოტული მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიმართ".
The Washington Post-ისთვის მიცემულ კომენტარში ახმეტოვმა დასავლეთს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიღონ "მარშალის გეგმა" და ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებით ხელი შეუწყონ უკრაინის გარდაქმნას დასავლური ყაიდის და არა რუსეთის მსგავს ქვეყნად.
"მიზანია ავაშენოთ ახალი, ძლიერი და ევროპული უკრაინა, [ევროკავშირის] წევრი, ძლიერი ინსტიტუტებით, კანონის უზენაესობით, მკაფიო ანტიკორუფციული წესებით, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემით და მოქალაქეებისადმი სამართლიანი მოპყრობით." - თქვა ახმეტოვმა WP-ის ჟურნალისტთან მიმოწერაში.