ალექსეი ნავალნის ბოლო დღე - რა ვიცით

რუსეთის პენიტენციური სამსახური ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება. 

უწყების ცნობით, ნავალნი კოლონიაში ყოველდღიური გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე ცნობით, ნავალნის ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პროპაგანდისტული RT-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

ჩვენ შევკრიბეთ ბოლო ცნობები ნავალნის ბოლო დღის შესახებ. 

14 თებერვალს, გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ალექსეი ნავალნი ოცდამეშვიდედ გადაიყვანეს საჯარიმო იზოლატორში 15 დღით. ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში იტყობინებოდა. ჯამურად ნავალნიმ საჯარიმო იზოლატორში 300 დღე გაატარა.

ამავე დღეს ალექსეი ნავალნის მოსანახულებლად კოლონიაში იმყოფებოდა მისი ადვოკატი, რომელიც პატიმართან 5 საათის განმავლობაში არ შეუშვეს. ადვოკატის თქმით, პატიმარი არ ჯანსაღად გამოიყურებოდა.

15 თებერვალს ნავალნი ვიდეო ჩართვით მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე, რომელიც მის მიერ კოლონიის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს ეხებოდა. ონლაინ მედიამ SOTA-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც სხდომას ესწრებოდა ნავალნი მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. 

16 თებერვალს კოლონიაში ყოველდღიური გასეირნების შემდეგ ადგილობრივი დროით 13 საათზე ნავალნი შეუძლოდ გახდა და მალევე გამოიძახეს მედიკოსებმა, რომლებმაც ადგილობრივი დროით 14 საათსა და 17 წუთზე სიკვდილი კონსტატაცია დაადგინეს. 

პენიტენციურმა სამსახურმა პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ცნობა ვებ გვერდზე 14 საათსა და19 წუთზე გამოაქვეყნა. უკვე 14 საათსა და 20 წუთზე ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა. 14 საათსა და 21 წუთზე გაავრცელა ახალი ამბავი რია ნოვოსტიმ. 

ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ მათ ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ. კირა იარმიშის თქმით, ადვოკატი უკვე მიფრინავს კოლონიაში ვითარებაში გასარკვევად. 

მსგავსი სიახლეები