ალიევი აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსების დასჯას ითხოვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის ოჯახის წევრებთან და აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის გადარჩენილ ბორტგამცილებელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კატასტროფაში დამნაშავე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არიან და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Azertag წერს.

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ პასუხისმგებელ პირთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას." - აღნიშნა ალიევმა. 

მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს შავი ყუთების გაშიფვრის პროცესი.

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გავარკვევთ წინასწარ შედეგს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ცნობილი იქნება მომხდარი ტრაგედიის მთელი სურათი. და ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ამ ტრაგედიის სრული გამოძიებისა და მასზე პასუხისმგებელი პირების დასჯაში," - აღნიშნა ალიევმა.

კონტექსტი

25 დეკემბერს, ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ჩამოვარდა. კატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის ავიახაზებმა პარასკევს განაცხადა, რომ მის თვითმფრინავს "გარე ფიზიკური და ტექნიკური ჩარევის" კვალი აქვს.

28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას ბოდიში მოიხადა, რომ "აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავთან მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა," მაგრამ არ აღიარა რუსების დანაშაული.

29 დეკემბერს ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ხმელეთიდან გასროლის შედეგად ჩამოვარდა. მან ასევე რუსეთისგან დანაშაულის აღიარება და კომპენსაცია მოითხოვა.

იმავე დღეს პუტინმა ალიევს მეორედ დაურეკა და მათ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე საუბარი გააგრძელეს.

მსგავსი სიახლეები