ამერიკამ 100 ბელორუს თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 100 ბელორუს ჩინოვნიკს, რომლებიც დაკავშირებული არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან. ამის შესახებ 9 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ახალი სანქციები ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.

კერძოდ, სანაქციები დაუწესდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კგბ-ს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამდებობის პირებს, ასევე პრო-სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტებს, სამხედრო პერსონალს, პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს და სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს.

"სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ წამებაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების ჩხრეკაში, მათგან აღიარებითი ჩვენების მიღებაში, არჩევნების გაყალბებაში და ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაში, სტუდენტების გარიცხვაში მონაწილეობაში, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რეპრესიული კანონების მიღებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორ წელიწადში სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელორუსში დემოკრატიის შელახვისთვის სანქციები 297 ადამიანს დაუწესა.

მსგავსი სიახლეები