აშშ უკრაინას $250 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
სამშაბათს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი [$250 მილიონის ღირებულების] გამოაცხადა, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, აღჭურვილობას და უკრაინელი სამხედროების წვრთნას.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ახალ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის რაკეტები AIM-9M, სარაკეტო სისტემა HIMARS-ის რაკეტები, 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, გამნაღმველი აღჭურვილობა, Javelin-ები, სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და რაკეტები.
ბლინკენის განცხადებაში ასევე ნახსენებია სამ მილიონზე მეტი მცირე ზომის იარაღი, სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე სათადარიგო ნაწილები, სამხედროების სწავლება და ტრანსპორტირება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს, მაგრამ, სავარაუდოდ, უკრაინა შეიარაღებას ამერიკული არმიის მარაგებიდან მიიღებს, რაც დააჩქარებს მის უკრაინაში გაგზავნას.
ბოლო, 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი აშშ-მა 14 აგვისტოს გამოაცხადა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და გამნაღმველ აღჭურვილობას მოიცავდა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ აშშ-სგან 44 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო.